10/07/2023
08:06
საზოგადოება
პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მღვდელმთავარი თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
მეუფე შიოს დარიშხანით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მღვდელმთავარი ბოლო პერიოდში თავს შეუძლოდ გრძნობდა და საჭირო გახდა მისთვის კვლევების ჩატარება.
„რაღაც პერიოდულობით სისუსტე შეიმჩნეოდა. ამას სჭირდებოდა კვლევა. კვლევების ჩატარების შემდეგ, რაღაც ეტაპზე, ექიმის რეკომენდაციით გაკეთდა გამოკვლევა, რომელიც მიმართული იყო ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე. გადამეტებული რაოდენობით აღმოჩნდა და შესაბამისად, ამის შემდეგ დავიწყეთ საკვების გამოკვლევა, ასევე, წყლის, რომელსაც იღებს.
ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რადგან ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ეს ჩვენ, შიგნით, ვიწრო წრემ ვიცოდით და ანალიზის პასუხებს ველოდებოდით. ეს ერთ დღეში არ ხდება. ზოგ შემთხვევაში ერთი კვირაა საჭირო, რადგან ანალიზები საზღვარგარეთ იგზავნება“, - განაცხადა დეკანოზმა „იმედის კვირასთან“.
ანალიზების ჩატარების შემდეგ სპეციალისტებმა მეუფე შიოს კაბინეტი და მისი ნივთები სპეციალური აპარატით შეამოწმეს. შედეგად, მძიმე მეტალი აღმოჩნდა მეუფე შიოს სავარძელსა და პანაგიაზე, ჯვარზე, რომელსაც იგი საპატრიარქოში ატარებს და მეუფის სამუშაო ოთახში ინახება.
„ორი შესაძლო ვერსია არსებობს, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა და შესაძლოა, ეს იყოს ჩარევის შედეგი“, - დასძინა მამა ანდრიამ.
მძიმე მეტალების აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი კვლევები მეუფის გარემოცვამაც ჩაიტარა, მათ შორის მამა ანდრიამ, თუმცა არცერთი მათგანის ორგანიზმში მძიმე მეტალები არ აღმოჩნდა.
ამასთან, დეკანოზმა საზოგადოებას მიმართა, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„ადამიანზე ასეთი ინფორმაციული შეტევის შემდეგ, მცდელობაა მასზე ფიზიკური ზემოქმედებაც იქონიონ. ესეც გარკვეულ ეჭვებს აჩენს. რისთვისაა ეს კამპანია მის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ? როდესაც ასეთი ნიაღვარია აბსურდული ბრალდებებისა, იქ მერე საზოგადოების აზრს აყალიბებენ, რომ რაღაც მსგავსი არის მოსალოდნელი, ტერორისტული აქტი. როგორც პრაქტიკა, ისტორია აჩვენებს, ასეთი ფაქტები ერთმანეთთან ბმაშია. ამ თემაზე სპეკულაციები ძალიან ბევრი იქნება. რაც მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ გვისმინონ და ვერსიებისგან თავი დაიცვან“, - დასძინა მამა ანდრიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.
0
0