
უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა ამ დედამიწაზე მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე. მაშ, შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენც მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქრისტესშობის წინა, წმინდა მამათა კვირას ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის მამათმთავრული მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – შობის წინა კვირას, ასე ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს; შობამდე, შობის წინ ორი კვირა დღე ეძღვნება ძველი აღთქმის მამათმთავრების, წმინდა მამებისა და ყველა იმ ღვთივსათნო ადამიანის ხსენებას, რომლებიც სათუთად ინახავდნენ გადმოცემას სოფლის მხსნელის მოვლინების შესახებ, იყვნენ ერთგულნი ამ აღთქმისა და თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ მესია შობილიყო ამქვეყნად. შეგვეწიოს მათი ლოცვები და მადლი.
ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ შობის დიდებულ დღესასწაულს. რა ადვილია ამ სიტყვების თქმა – „შობა ქრისტესი!“ მაგრამ რა დიადი აზრია ამ სიტყვებში! რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე მეტი?! რა უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, რომ თვით ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი! მას ელოდნენ, მისი მოსვლისთვის ემზადებოდნენ; ეგონათ, რომ იგი მოვიდოდა ამქვეყნიური დიდებით, ძლევამოსილებით, მაგრამ იგი მოვიდა სიმდაბლით, ღარიბულ გარემოში, იშვა ბაგაში. და ვინ შეიტყო მის შესახებ? მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ქალწულმა, მწყემსებმა, სამმა მოგვმა აღმოსავლეთიდან, მეტმა არავინ! ხალხი მრავლად იყო იქ, მაგრამ ვერ იცნეს, ვერ გაიგეს, ვერ შეიტყვეს…
ჩვენ სულ მალე მივულოცავთ ერთმანეთს შობის დღესასწაულს. გაიშლება საშობაო სუფრები, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ვაჩუქებთ საჩუქრებს, ისევ მორთული იქნება ნაძვის ხეები ჩვენს სახლებში, ვიღაც სანთელს დაანთებს ფანჯარასთან. გარეგნულად ასე ძალიან ლამაზად იქნება ეს დღე მორთული ტრადიციულად, მაგრამ რა იქნება ჩვენს გულებში, ჩვენს სულში? ვინ შეიცნობს იესო ქრისტეს? ვინ შეიყვარებს მას? ვინ მიიღებს მის სიტყვას? ვინ შეუშვებს მას თავის გულში, იმისთვის რომ მასთან ერთად იცხოვროს?
შობის დღეს ყოველი ადამიანის გული ხომ იმ ბაგად იქცევა, სადაც ჩვილი იესო დააკაკუნებს თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად! და გავუღებთ ჩვენ მას გულისკარს? შემოვა ის ჩვენს გულში? რაც მთავარია, რას ნახავს იქ? აი, ამაზე უნდა ვიზრუნოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს.
ვემზადებით შობისთვის. უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე. მაშ, შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენც მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით; ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს თვისებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია შესაძლებლობა ამისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ გარშემო. ვევედროთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ახალ წელიწადს ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვათ და ეს თვისებები მოვიხვეჭოთ.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ძალიან სასიხარულო დღეს. დღეს გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღე. მას შეუსრულდა 93 წელი. მინდა, თქვენთან ერთად, შვილებრივი სიყვარულით, გულითადად მივულოცო მას დაბადების დღე. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი.
შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა გვავსებს განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი, რადგან მისი მამათმთავრული მსახურება, შეიძლება ითქვას, ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ, ძვირფასო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი.
ეს ჭეშმარიტი გზა არის ღვთის დიდების, კაცთა შორის სათნოების, ქვეყანასა ზედა მშვიდობის გზა, რაზეც გალობდნენ წმინდა ანგელოზები შობის ღამეს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დაბადების დღეს. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენც დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ; ბედნიერი შობა და ბედნიერი წელიწადი მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
0
0