
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მღვდელმთავრებმა ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
0
0