
მეუფე შიო მუჯირი მოწამვლის საქმეზე გამოკითხეს.
პატრიარქის მოსაყდრემ მედიას დღეს დაუდასტურა, რომ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.
რა ეტაპზეა მეუფის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებული გამოძიება, ამ დროისთვის უცნობია.
მოსაყდრე შიო დღეს სიონში კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოჩნდა. ამ წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის წირვა აღევლინება.
მეუფეთა ნაწილის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს შსს-მ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - განაცხადა შსს-მ.
მანამდე ქართული მედიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. მაშინ აღნიშნულ ფაქტს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
0
0