
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მეუფე ანტონი 17 მაისს ეპარქიაში სახალხო მოძრაობას აანონსებს, რომლის დეტალები 14 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მეუფე ანტონი ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე თავად წერს. სრულად გთავაზობთ მის წერილს:
“ჩვენთან არს ღმერთი…
ბუნებრივია, როდესაც ადამიანი გადახედავს ხოლმე მის განვლილ ცხოვრებას… აწონ დაწონის, რას აკეთებს, რა გააკეთა, რა აქვს გასაკეთებელი, შეაფასებს…
გადახედავს წარსულს, გაიაზრებს მომავალს,. დაისახავს ახალ მიზნებს ან ძებნის ძველი განუხორციელებელი მიზნების ახალ გზებს…
შესაბამისად მეც ასეთივე განსჯებში ვარ ჩემი დაბადების დღეს …
შეშფოთებული ვარ იმ სიოთი თუ ნიავით, რომელსაც ვხედავ ევროპულობას ამოფარებული ეკლესიის, ოჯახის სიწმიდისა და ქართული ტრადიციების მოძულეთა მხრიდან …
ჩვენდა სამწუხარიდ ადამიანების ამ ჯგუფმა მოახერხა ისე რომ, ევროპა და ევროპულობა გააიგივეს ადამიანური
წეს-ჩვეულობიდან გადახრილობასთან, ზნეობრივი ცხოვრების ქცევათა სისტემიდან განთავისუფლება ყოფილა თავისუფლება! და თურმე, ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტალური უფლება აკეთოს ის, რაც მოესურვება, საზოგადოებაში , ქუჩაში, სკოლებში, სამსახურებში, არავითარი მორალი, არავითარი ზნეობრივი ჩარჩო, და მაშინ როდესაც ეკლესია, საზოგადოება, სკოლა, ხელისუფალი, ახალგაზრდა თაობის აღზრდისათვის ხარჯავს მის ძალისხმევას და არ იშურებს ძალას იმისათვის , რომ შთააგონოს მომავალ თაობას, რომ ისინი აღიზარდონ პატრიოტიზმის, მშობლების , პედაგოგთა, უფროსთა პატივისცემის გრძნობით და ზნეობრივ ქცევათა გარკვეული სისტემით, ეს ფსევდო ლიბერალები და ევროპულობას ამოფარებულნი ახალ თაობებს შთააგონებენ, რომ, თურმე, მათ ფუნდამენტალური უფლება გაქვთ, არ უყვარდეთ სამშობლო, რადგან სამშობლოა იქ, სადაც კარგად გრძნობ თავს, თუ სწავლა არ უნდა, შეუძლია არ ისწავლოს და თუ ვინმემ დააძალა – მშობელი იქნება, თუ პედაგოგი, შეუძლია უჩივლოს. თუ შენ ზიხარ და დაიანხავ მოხუცს, რომელიც ფეხზე დგას, არ უნდა დაუთმო ადგილი, თუ მას ადამიანური ნორმებიდან გადახრები აქვს სხვას უქადაგოს, რომ ასეთი ისიც უნდა იყოს, ან აიძულოს პატივით მოეპყრას მას, და თუ არ მოეპყრა უჩივლოს, მაშინაც კი, თუ მოეჩვენა, რომ მასზე ცუდი იფიქრა და უჩივლოს, რადგან ამით დაჩაგრულად იგრძენო თავი…
სამწუხაროა, რომ ამათ მხარს უჭერენ ისინი, ვინც საიდანღაც ძლიერ ფინანსდებიან, და მათ ბიუჯეტური თანხა ძლიერ დიდკაპიტალს შეადგენს, რაღაც საეჭვო გზებით გაიკვლიეს გზა ძლიერ თანამდებობეზე და ამ თანამდებობებიდან ახდენენ ძლიერ გავლენას მთავრობებზეც კი! სხვაგან შევყევი სათქმელს…. შემიტყუა აზრებმა…
სხვა მინდა ვთქვა… ჩემი აზრების ბოლო იქამდე მიდის, რომ ვხედავ, როგორ მოწყვიტეს ახალგაზრდები ეკლესიას
და ეკლესიურობას, მათ დაუღალავად აამუშავეს მათივე ხელთ არსებული მედეა, რადიო-ტელე გადაცემები, მიუთითებენ და ტვინში უდებენ ახალგაზრდებს, რომ აი, სასულიერო პირები, ბიზნესებში არიან, მათ არა აქვთ უფლება ეწეოდენ ამ საქმიანობას, არც უსაფუძვლოა მათი ეს თქმანი, რადგან დღესდღეობით სასულიერო პირთა უმეტესობა მრავალშვილიანი ოჯახია, მათ ისეთივე კვება და ჩაცმა-დახურვა ესაჭიროებათ, როგორაც მათ შვილებს, ვინც ამგვარი განცხადებებით წამლავს ახალგაზრდებს, ( ისე დააკვირდით, ეს მომწამვლელები, როგორი ბრენდული სამოსით ჩნდებიან თუნდ, ტელეგადაცემებში და ნეტავი, რა ხელფასით, რომ ყოველ დღე- ახალ ახალით, რომ არაფერი ვთქვა წელიწადის ოთხივე სეზონში სად და სად არ ისვენებენ, როგორი წივილ-კივილი ატეხეს, რომ გაესაჯაროებინათ ხარჯები..) ისევ სხვაგან წავედი…
დღეს, ჩემი დაბადების დღეს, ვაანონსებ, რომ დღეიდან მსურს ჩემი დარჩენილი წლები მივუძღვნა ახალგაზრდებთან ურთიერთობას, ძალისაებრ და შეძლებისაებრ ჩემისა, მინდა ყველა ღონე ვიხმარო, რომ ახალგაზრდები დავაბრუნოთ არა ევროპაში, არამედ ეკლესიაში და ეკლესიურები უფრო მალე დავბრუნდებით იქ, სადაც ნამდვილი და ჯანსაღი ევროპული ოჯახებია. მერწმუნეთ, ევროპელებიც შეწუხებული არიან იმ ადამიანური ზნეობრიობიდან გადახრილობით…
სურვილი მაქვს, ჩამოვაყალიბო ახალი არაპოლიტიკური, არანაირი ამბიციური მოძრაობა, სურვილი მაქვს 17 მაისს იმერეთის პერიფერიის პატარა ქალაქ ვანში გამოვიდეთ ვანელები, ბაღდათელები, უარს არ ვიტყვით, თუ შემოგვიერთდებიან სხვა ახლო ეპარქიებიდანაც , რომელთაც იმავ დღეს შეეძლებათ დაბრუნება თავიანთ ოჯახებში. მომავალი კვირა 14 მაისს თამარობაა. და ამ დღეს უფრო ცხადად და გარკვევით განვაცხადებ ჩემს მოსაზრებას სახალხო მოძრაობისა და ვანში სახალხო შეკრების თაობაზე…
უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს,
უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით…” – წერს მეუფე ანტონი.
ინფორმაცია - dogma.ge
0
0