06/12/2024
23:24
სამართალი
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირდაობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.
თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".
"ეს არ არის გაჩხრეკა, ეს არის პირადი გასინჯვა. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ხდება. პოლიციელს პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და შეამოწმოს მისი ნივთები ისევე, როგორც ის პირადად გასინჯოს, ეს ჩხრეკა არ არის. როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია პიროვნებას ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, მისი ზედაპირული შემოწმება ხდება. კერძოდ, როცა იმყოფება ნიღაბში და ა.შ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
მოქალაქეები პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დაეტოვონ. ადგილზე მყოფი პირები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი სამართალდამცველების მისამართით სკანდირებენ: “რუსებო, მონებო“.
შეგახსენებთ, პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025