ბრიტანელმა მეთევზემ დეივ ჰოვარტმა მდინარე ტრენტში თევზი დაიჭირა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 31 წელზე მეტია, გადაშენებულად ითვლებოდა. სინამდვილეში კი, დეივ ჰოვარტი წვერას [კობრისებრთა ოჯახის თევზი] დაჭერას ცდილობდა და, „ნახევარსაათიანი ბრძოლის“ შემდეგ, მან ბადეში 21.7 კგ-იანი ზუთხი აღმოაჩინა.
როგორც DailyMail-ი წერს, „სამეფო თევზად“ წოდებული ზუთხი ოდესღაც გავრცელებული იყო გაერთიანებული სამეფოს მდინარეებში, თუმცა დაბინძურებულმა მდინარეებმა და სხვა ტიპის ზემოქმედებებმა ისინი პრაქტიკულად გაანადგურა. დიდ ბრიტანეთში, ზუთხი უკანასკნელად მდინარე ტაივიში [სამხრეთ უელსი] 1993 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ის გადაშენებულად ითვლება. ზუთხის უძველესი სახეობა ცარცული პერიოდიდან არსებობს, როდესაც დედამიწაზე ტირანოზავრი ბინადრობდა. აღნიშნული სახეობის ზუთხი 60-დან 70 წლამდე ცოცხლობდა და 6 მ-მდე იზრდებოდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცოცხალი თევზი ზღვაში დაუყოვნებლივ უვნებელი დაბრუნდეს. ზუთხის საერთო პოპულაციის კრიტიკული მდგომარეობის გამო, თითოეული თევზის გადარჩენა აუცილებელია.“
დიდი ბრიტანეთის საზღვაო მენეჯმენტის ორგანიზაციის (MMO) მიხედვით, ზოგადად, ბრიტანეთის წყლებში მობინადრე ზუთხის დაჭერასთან დაკავშირებით მკაცრი წესები მოქმედებს. ერთ-ერთ სახეობაზე თევზაობა კი დანაშაულად ითვლება. წყლებიდან მკვდარი ზუთხის ამოყვანა ნებადართულია, თუ ის სამეცნიერო კვლევისთვის გამოიყენება.
0
0