
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა მას არ ადარდებს, თუმცა სურს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაიცვას.
„თუ ვინმე იდიოტს მეძახის, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მან კვირას, გერმანიის მთავრობის ყოველწლიურ „ღია კარის დღეზე“, როდესაც სამინისტროები ვიზიტორებისთვის იხსნება. - „მე სხვა აზრის ვარ, მაგრამ ეს ამას დანაშაულად არ აქცევს“.
მერცმა აღიარა, რომ წარსულში, როდესაც პირადი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებოდა, ცილისწამების გამო საჩივრებს წერდა, თუმცა დასძინა, რომ ამ პრაქტიკას თავი დაანება და კანცლერად არჩევის შემდეგ მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
გერმანიაში დებატები იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პირად შეურაცხყოფას შორის, მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურამ ბერლინში გამართულ აქციაზე სტუდენტს ბრალი წაუყენა მერცის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერის გამო. ასევე, სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი დაჯარიმდა კომენტარებისთვის, რომლებიც ცილისმწამებლურად მიიჩნიეს.
მერცმა აღნიშნა, რომ ბრალდებებს, როგორც წესი, სახელმწიფო პროკურორები აყენებენ და არა თავად პოლიტიკოსები. მან თქვა, რომ „გაოცებულია“ საქმეების დიდი რაოდენობით, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული სისტემისადმი პატივისცემის შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობები ცილისწამებისგან უნდა იყოს დაცული.
„იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ, ხუმრობა მთავრდება“, - თქვა მან და ერთმანეთისგან გამიჯნა პიროვნება და თანამდებობა. - „ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ ამასთან ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას“.
ამ მიზნით, მერცმა განაცხადა, რომ მზადაა გერმანიის კანონის, 188-ე მუხლის რეფორმირებისთვის, რომელიც პოლიტიკოსებს გარკვეულ ვითარებაში შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და თავდასხმებისგან იცავს.
0
0