
სტრიტ არტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე და ა.შ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება, - , ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამჯერად გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტ არტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი ისინი მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.
ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა, კიდევ მრავალ საინტერესო ნამუშევარს შემატებს თბილისს და გარდა კულტურული ღირებულებისა, ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაც გახდება“, - განაცხადა კალაძემ.
0
0