ამერიკელი მომღერლის მერაია ქერის განცხადებით, მისი დედა, პატრიშია, და და, ელისონი, გასულ კვირას, ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ.
"გასულ კვირას დედა გარდამეცვალა... სამწუხაროდ, მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო, ჩემი დაც იმავე დღეს დაიღუპა. ძალიან განვიცდი. მხოლოდ ის მახარებს, რომ დედის სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, მასთან ერთად გავატარე დრო", - თქვა მომღერალმა.
მომღერალს დედისა და დის გარდაცვალების მიზეზების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
როგორც BBC-ი წერს, მერაია ქერის დედა [ირლანდიურ-ამერიკული წარმოშობის] 87 წლის პატრიშია ოპერის ყოფილი მომღერალი და ვოკალისტი იყო. მისი და კი - ელისონი - 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2020 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, მერაია ქერი დეტალურად აღწერს რთულ ურთიერთობას დედასთან, რამაც "მასში ძალიან დიდი ტკივილი და დაბნეულობა გამოიწვია".
„ჩვენს შორის კონკურენცია გაჩნდა. პროფესიონალური შური წარმატებას მოჰყვება, მაგრამ როცა ეს ადამიანი დედაშენია და მას შენი შურს, განსაკუთრებით ასეთ ფაქიზ ასაკში, ეს ძალიან მტკივნეულია“, - წერს მომღერალი.
თუმცა, მომღერალი წერს, რომ „დედისადმი ძლიერ სიყვარულს არ მალავდა და ყოველთვის აფასებდა მას, რადგან მუსიკის სამყარო გააცნო. 2022 წელს გეილ კინგთან ინტერვიუში ქერიმ თქვა, რომ ადრეულ წლებშივე, მასზე "დიდ" გავლენას ახდენდა დედის კრიტიკა. ქერის ასევე რთული ურთიერთობა ჰქონდა უფროს დასთან ელისონთან.
„ემოციურად და ფიზიკურად უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, თუ მასთან არანაირი კონტაქტი არ მექნება", - წერს ქერი მემუარებში.
მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, ელისონმა ქერის "შურისმაძიებელი" უწოდა, სასამართლოში უჩივლა და, კომპენსაციის სახით, 1,2 მილიონი აშშ დოლარი მოსთხოვა.
0
0