27/02/2023
13:38
მსოფლიო
მექსიკის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ხელისუფლება საარჩევნო რეფორმების სისტემის შესუსტებას ცდილობს.
ყველაზე მასშტაბური აქცია მეხიკოში გაიმართა, სადაც ორგანიზატორების განცხადებით, 500,000 ადამიანმა ქალაქის მთავარ მოედანზე მსვლელობა მოაწყო. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით კი, აქციის მონაწილეთა რიცხვი 90 000-ს შეადგენს.
გასულ კვირას, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის (INE) ბიუჯეტის შეკვეცას და მისი პერსონალის შემცირებას. პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ეროვნულ საარჩევნო ინსტიტუტს „პარტიზანობაში“ ადანაშაულებს. თუმცა ოპონენტები ბოლო კენჭისყრას აღწერენ, როგორც თავდასხმას თავად დემოკრატიაზე და უზენაეს სასამართლოს კენჭისყრის (არაკონსტიტუციური) შედეგების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დემოკრატიის დასაცავად“, - აცხადებენ დემონსტრანტები.
22 თებერვალს, მექსიკის სენატმა რეფორმები დაამტკიცა, რომელიც მანამდე პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო. რეფორმები ძალაში შევა პრეზიდენტ ლოპეს ობრადორის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
როგორც BBC წერს, ამჟამად საარჩევნო რეფორმა ყველაზე პოლემიკური პოლიტიკური საკითხია მექსიკაში. ლოპეს ობრადორი ორჯერ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პრეზიდენტად 2018 წლის ივლისში აირჩიეს; ის დიდი ხანია აკრიტიკებს ეროვნულ საარჩევნო ინსტიტუტს, რომლის თანამშრომლები საარჩევნო პროცესს ზედამხედველობენ.
გასულ თვეში ობრადორმა დამოუკიდებელი ორგანო თაღლითობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისმა თანამშრომლებმა თვალი დახუჭეს "საარჩევნო ყუთებში ხმების გაყალბებასა და მათ მოსყიდვაზე".
მან ასევე გააპროტესტა 2012 წლის არჩევნების შედეგები, როდესაც ის თავის ოპონენტთან ენრიკე პენია ნიეტოსთან დამარცხდა.
0
0