
მექსიკაში, კუნძულ კოსუმელზე ჯუჯა ენოტებმა ქაღალდისა და ქვიშისგან ბურთების დამოუკიდებლად დამზადება ისწავლეს, შემდეგ კი ეს ხრიკი ოჯახის სხვა წევრებს ასწავლეს. ეს ოჰაიოს მაიამის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ნესი ო’ნილმა შეამჩნია.
გამოცემა New Scientist-ის ცნობით, ო’ნილი ჯუჯა ენოტებზე ტურიზმის გავლენას სწავლობს. ერთ დღეს მან ვიდეოზე გადაიღო, როგორ ამოიღო ახალგაზრდა ენოტმა ნაგვის ურნიდან ქაღალდი, ჩაასველა წყლიან ჯამში, შემდეგ კი ქვიშაში ამოავლო და ბურთის ფორმა მისცა. „ჩემი პირველი რეაქცია იყო: „ღმერთო ჩემო, ეს წარმოუდგენლად საყვარლობაა!“ - განაცხადა ო’ნილმა.
მომდევნო დღეების განმავლობაში ო’ნილი აკვირდებოდა, როგორ აგრძელებდნენ ენოტები ასეთი ბურთების კეთებას და მათით ფეხბურთის მსგავს თამაშს, რომელშიც სხვა ენოტებიც ერთვებოდნენ.
მკვლევარმა ასევე შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ინდივიდები სათამაშოების დამზადებას ერთმანეთისგან სწავლობდნენ. ისინი ცდილობდნენ ეს დედისთვისაც ესწავლებინათ, თუმცა მას მათი მოქმედებების გამეორება არ გამოუვიდა.
მაიამის უნივერსიტეტის კიდევ ერთმა მკვლევარმა, მიშელ შიდლოვსკიმ აღნიშნა, რომ მეცნიერები შიმპანზეებში, ვეფხვებსა და სხვა ცხოველებში თამაშის პროცესს ხშირად აკვირდებოდნენ. თუმცა შემთხვევები, როდესაც ცხოველები სპეციალურად ამზადებენ სათამაშოებს, ბევრად იშვიათია. ახლა მკვლევრები გეგმავენ გაარკვიონ, გადასცემენ თუ არა ენოტები ამ უნარს მომავალ თაობებს.
ჯუჯა ენოტები მხოლოდ კუნძულ კოსუმელზე ბინადრობენ და გადაშენების პირას იმყოფებიან. ველურ ბუნებაში მხოლოდ 200-ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი.
0
0