„მექსიკის მთავრობამ აშშ-ისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობა შეაჩერა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მას შემდეგ, რაც ელჩებმა სასამართლო რეფორმა გააკრიტიკეს.
გასულ კვირას, მექსიკაში აშშ-ის ელჩმა კენ სალაზარმა რეფორმას "მექსიკის დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სარისკო" უწოდა, რაც აშშ-მექსიკის სავაჭრო ურთიერთობებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მექსიკაში კანადის ელჩმა გრემ კლარკმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი საინვესტიციო კრიზისს გამოიწვევს. როგორც ცნობილია, აშშ და მექსიკა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან.
მოგვიანებით, ლოპეს ობრადორის კომენტარების შემდეგ, აშშ-ის ელჩმა კენ სალაზარმა დიპლომატიური ნოტა გამოაქვეყნა.
„აშშ მხარს უჭერს მექსიკაში სასამართლო რეფორმის კონცეფციას, თუმცა გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ მოსამართლეთა სახალხო არჩევნები არც მექსიკის სასამართლოში არსებულ კორუფციას შეეხება და არც სასამართლო სისტემას გააძლიერებს“, - ნათქვამია ნოტაში.
ლოპეს ობრადორმა სალაზარის მხრიდან მექსკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა გააკრიტიკა.
„როგორ მივცეთ უფლება ელჩს, გამოთქვას თავისი აზრი, რომ რასაც ვაკეთებთ არასწორია? ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნიდან მის გაძევებას, თუმცა მოვუწოდებთ, რომ წაიკითხოს ჩვენი კონსტიტუცია. "პაუზა" გაგრძელდება მანამ, სანამ (საელჩოები) პატივს არ სცემენ მექსიკის დამოუკიდებლობას," - თქვა ობრადორმა.
ლოპეს ობრადორის განმარტებით, ურთიერთობები „გაიყინა“ საელჩოებთან და არა ქვეყნებთან. მექსიკის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული რეფორმის თანახმად, მოსამართლეების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევნები ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად უნდა ჩატარდეს. მექსიკის კონგრესის ქვედა პალატის კომიტეტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სექტემბერში დაამტკიცებს.
0
0