21/10/2022
13:06
მსოფლიო
მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო გემის (სახელწოდებით V-1302 JON MAHN) ჩაძირვიდან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ასაფეთქებელი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე კვლავ იჟონება.
ჟურნალ Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირულ გერმანულ ხომალდ V-1302 JON MAHN-დან მავნე ნივთიერებები ჯერ კიდევ ჟონავს და გარშემო არსებულ მიკრობიოლოგიასა და გეოქიმიაზე ზემოქმედებს.
პროექტ „North Sea Wrecks“-ის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფის მიზანი იყო შეესწავლა, თუ რა მავნე გავლენას ახდენს ჩაძირული გემები ოკეანესა და ადამიანზე.
„საზოგადოება ხშირად ინტერესდება გემების დაღუპვის ფაქტებით მათი ისტორიული ღირებულების გამო, თუმცა გარემოზე მათი ნამსხვრევების პოტენციური ზემოქმედება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მხოლოდ ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე ათასობით გემისა და თვითმფრინავის ნამსხვრევია, რომელთა ჯამური გავლენა წყალქვეშა სამყაროზე უზარმაზარია. დროთა განმავლობაში ჩაძირული გემების გავლენა უფრო საშიში გახდება გარემოსთვის კოროზიის გამო, რომელიც ახალ სივრცეებს ათავისუფლებს“, - თქვა გენტის (ბელგია) უნივერსიტეტის ბიოინჟინერმა და მიკრობიოლოგმა ჟოზეფინ ვან ლანდუიტმა.
მკვლევარების შეფასებით, მსოფლიოს ოკეანეებში, ორივე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემების ტრიუმებში 2,5 მლნ-20,4 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი „ინახება“. გემების ნამსხვრევების გარდა, ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე დალექილია მსოფლიო ომების დასრულების შემდეგ ზღვაში გადაყრილი 1,6 მილიონ ტონამდე საბრძოლო მასალა (ჭურვები და ბომბები).
დაბინძურების მასშტაბის დასადგენად მკვლევარებმა ასევე გემის ფოლადის კორპუსიდან აღებული ნიმუშები ფსკერიდან სხვადასხვა მანძილზე აღებულ 12 ნიმუშს შეადარეს. შედეგად ნაპოვნია მძიმე ლითონები, როგორიცაა ნიკელი და სპილენძი, ასევე დარიშხანი და ფეთქებადი ნაერთები, რომლებსაც ძირითადად ქვანახშირი და ნავთობი შეიცავს.
ექსპერტების თქმით, ეს კონცენტრაცია გავლენას ახდენს გარშემო არსებულ მიკრობულ სამყაროზე. გემთან შედარებით ახლოს აღებულ ნიმუშებში როდობაქტერიები და ქრომატობაქტერიები გამოვლინდა, რომლებიც ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას იწვევს, ხოლო უშუალოდ გემის კორპუსზე სულფატმარედუცირებელი პროკარიოტები აღმოჩნდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ჟანგვაში იღებენ მონაწილეობას.
ჟოზეფინ ვან ლანდუიტი იმედოვნებს, რომ პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები პოლიტიკოსებს, ჩრდილოეთის ზღვის ეკოსისტემის დაცვის მიზნით, საუკეთესო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
0
0