
მეორადი სანქციებისა და ტარიფების დაწესება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მეორადი სანქციები და ტარიფები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენით ამ ომის დაფინანსებაში მონაწილეობენ, მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, ამ ომის დასრულებისკენ გადადგმული აშკარა შემდეგი ნაბიჯია“, - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
მისი თქმით, მეორადი სანქციები რუსეთისთვის მტკივნეული იქნება.
„ეს მათ ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყამს, მათ მთავარ შემოსავლის წყაროზე, რაც ამ ქვეყნებზე ნავთობის გაყიდვაა“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს გაზრდის.
„ინდოეთი რუსულ ნავთობს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს დიდი მოგების სანაცვლოდ ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ, ამიტომ მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
0
0