
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, "მელიამ პარტია დაანგრია და ჩამოშალა".
“ნახეთ ნიკა მელიას შეხვედრა ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, სოციალურ ქსელში ვიდეოც მიდევს, 400 ბათუმელი ესწრებოდა. ხელვაჩაურშიც 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში, ქედასა და შუახევშიც ვიყავი.
პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის წარმოუდგენელია, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე მონაწილეობას რაში იღებს, რა უნდა ამ კაცს. მან პარტია დაანგრია და ჩამოშალა. ნიკა მელია აჭარაში რამდენჯერმე, შემორბენით არის ნამყოფი, გასტროლიორივითაა.
ამდენ ადამიანს რომ ვხვდები, ხალხს ცვლილებები უნდა და ნიკა მელია კენჭს ვისთვის იყრის? ამ ადამიანებს არჩევნების მოგება რომელ პარტიაში უნდათ, მართლა ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი – ნიკა მელია ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი ჩვენს ამომრჩეველთან არანაირ კომუნიკაციაში არ არის.
ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? ეს ყველაფერი შეიცვლება და პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდება და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ლევან ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო […] ნიკა მელიამ პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის.
ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა-თქო, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს?”. – თქვა ხაბეიშვილმა.
0
0