
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის, ბავშვების დაცვის მიზნით, პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
წერილში, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს ალასკის სამიტის დროს პირადად გადასცა, ნათქვამია, რომ „დროა“, პუტინმა იმოქმედოს.
„ბატონო პრეზიდენტო, ყველა ბავშვს, იქნება ეს შემთხვევით სოფლად თუ დიდებული ქალაქის ცენტრში დაბადებული, გულში ერთი და იგივე უხმაურო ოცნება აქვს. ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, შესაძლებლობებსა და საფრთხისგან დაცულობაზე. ყველა ბავშვი უცოდველი იბადება, განურჩევლად ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ რწმენისა. ჩვენი, როგორც მშობლების, მოვალეობა მომავალი თაობების იმედების გაღვივებაა, ხოლო, როგორც ლიდერებმა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილების მხარდაჭერაზე აღებული პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის კომფორტის უზრუნველყოფაზე მეტს მოიცავს. უდავოდ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთვის ღირსებით სავსე სამყარო დავხატოთ, რათა ყველამ სულიერად მშვიდად გაიღვიძოს და ყველას მომავალი იდეალურად იყოს დაცული.
ბატონო ვლადიმერ, მარტივი, თუმცა ღრმა კონცეფცია, რაზეც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, არის ის, რომ თითოეული თაობის შთამომავალი ცხოვრებას სიწმინდით იწყებს - უმანკოებით, რომელიც გეოგრაფიაზე, მმართველობასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას. დღევანდელ სამყაროში, მკაცრი და მტკივნეული გარემოებების მიუხედავად, ზოგიერთი ბავშვი მაინც ახერხებს ბედნიერების მცირე, ჩუმი განცდის შენარჩუნებას. ბავშვების დაცვა მხოლოდ რუსეთის კეთილდღეობას არ ნიშნავს, არამედ ეს თქვენი მორალური მოვალეობაა, რომლის შესრულებაც კაცობრიობისთვის იქნება სასარგებლო.
ასეთი გაბედული იდეის განხორციელება ყველა ადამიანურ დაყოფას სცილდება და თქვენ, ბატონო ვლადიმერ, გაქვთ ძალაუფლება, რომ ეს დღესვე რეალობად აქციოთ კალმის ერთი მოსმით - ერთი ხელმოწერით. დროა!“, - ნათქვამია მელანია ტრამპის წერილში.
როგორც ცნობილია, მელანია ტრამპის წერილის ფიზიკური ვერსია, თავდაპირველად, Fox News-მა მოიპოვა.
0
0