
მელანია ტრამპი აპირებს, რომ ჰანტერ ბაიდენს სასამართლოში უჩივლოს, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა განაცხადა, რომ მელანია დონალდ ტრამპს ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო. მელანიას ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და ამით მელანიას რეპუტაცია დაზიანდა. მათივე თქმით, ჰანტერ ბაიდენს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვენ, რომ თავისი სიტყვები უარყოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში უჩივლებენ და მას ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გადახდა მოუწევს.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოიხდის თუ არა ბოდიშს, ჰანტერ ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება“. ჰანტერ ბაიდენის თქმით, სასამართლოთი მუქარა მხოლოდ ყურადღების გადატანის მიზნით ხდება.
როგორც „ბიბისი“ წერს, 2016 წელს მელანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი 1998 წელს, წვეულებაზე გაიცნო. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ შეიცავდა.
0
0