16/06/2023
11:57
მსოფლიო
როგორც სექს-ტრეფიკინგის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ორგანიზაცია Operation Underground Railroad (O.U.R.)-ის დამფუძნებელმა ტიმ ბალარდმა განაცხადა, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს იღებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზრის შესახებ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მელ გიბსონის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ მედიაში ტენდენციური თემა გახდა. Twitter-ის Leading Report-ის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ ვარსკვლავი "ამზადებდა 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს ბავშვთა ტრეფიკინგის 34-მილიარდიანი გლობალური ბაზრის შესახებ და, რომ ვაჭრობაში ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინაც არის ჩართული. აღნიშნული პოსტი 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ათიათასობით ადამიანმა მოიწონა. თუმცა იქვე დამატებულია Twitter-ის გაფრთხილება, რომ გავრცელებულ ინფორმაციას მტკიცებულებები არ ახლავს.
2023 წლის 12 იანვარს, იუტას შტატში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტიმ ბალარდმა ოპერაცია “დამალული ომის” (The Hidden War) შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციამ 6 ქვეყანაში 4 თვის მანძილზე ასეულობით ბავშვი გადაარჩინა. ბალარდის მიხედვით, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ოპერაცია ჩატარდა უკრაინა იყო, სადაც რუსეთის მიერ შეჭრის შემდეგ ბავშვთა შვილად აყვანის პროცესი შეფერხდა და ტრეფიკინგის საფრთხე გაიზარდა. 2020 წლიდან ორგანიზაციის საქმიანობაზე იუტას შტატში გამოძიებაც ჩატარდა, თუმცა ის 2023 წელს დაიხურა და ორგანიზაციისთვის რაიმე ბრალი არ წარუდგენიათ.
ჟურნალისტმა კეტრინ ბროდსკიმ ეჭვქვეშ დააყენა Leading Report-ზე გავრცელებული ინფორმაციის მართებულობა და თქვა, რომ მას [Leading Report-ს] შესაბამისი წყაროც კი არ მოეპოვება.
„როგორც ვეჭვობდი, ინფორმაცია მელ გიბსონის შესახებ, თითქოს ის ამზადებდა 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს ბავშვთა ტრეფიკინგის 34-მილიარდიან გლობალურ ბაზართან დაკავშირებით, ცრუ იყო და ის განზრახ ვრცელდებოდა სოციალურ მედიასა და მის ფარგლებს გარეთ, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე. ეს არის აშკარა მაგალითი იმისა, თუ როგორ სწრაფად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ვირუსულად, როდესაც არავინ ამოწმებს თავდაპირველ წყაროს,“- წერს Twitter-ზე ბროდსკი.
რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილი არიზონას გუბერნატორობის ყოფილი კანდიდატი კარი ლეიკი Leading Report-ის ვირუსულ პოსტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ბავშვთა ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით დოკუმენტური ფილმის გადაღება მელ გიბსონის მოტივების შესაბამისი იქნებოდა.
Newsweek-ი მელ გიბსონის პრესმდივანს დაუკავშირდა, თუმცა მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
მელ გიბსონს წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ რასისტული, ანტისემიტური და სექსისტური კომენტარების გაკეთების, ასევე ჰოლივუდის ელიტის მიმართ ექსტრემალური განცხადებების გამო. გიბსონთან დაკავშირებით დაწერილ ციტატებში ნათქვამია: "მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებს იპარავენ და პედოფილების წრეებში ყიდიან. მათ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ - ეს სატანისტური რიტუალური ცერემონიების ნაწილია. შემდეგ მკვლელები ბავშვების სისხლს სვამენ და მათ ხორცს ჭამენ."
მარტში, აღნიშნული ციტატები ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ Newsweek-მა დაადგინა, რომ ისინი ყალბი იყო. იმ დროისთვის, მელ გიბსონის პრესმდივანმა განაცხადა, რომ სიმართლეს არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა.
0
0