13/12/2023
01:21
სხვადასხვა
ქართული კულტურა მრავალმხრივ მდიდარია და ქართველებიც ვცდილობთ, არსებული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
მიუხედავად ამისა, ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილქვეშ არის მოქცეული და დიდი საფრთხის მიუხედავად, მისი შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
ენები საქართველოს კულტურული მოზაიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.
დღეს ვისაუბრებთ მეგრულ და სვანურ ენებზე, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშეა და მათი დაცვა-შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება საციცოცხლოდ აუცილებელი და საჭიროა!
რეალობა ისაა, რომ მეგრული და სვანური ენები ფუნქციურად შესუსტდნენ, ისინი არ გამოიყენება საგანმანათლებლო სივრცეში. დღეს ისინი ადამიანის თვითრეალიზებისთვისაც აღარ არის საჭირო...
მეგრულმა და სვანურმა ენამ ვერ შეძლეს ქართულის მსგავსად ტექნიკური განვითარებისათვის ფეხის აწყობა. მათ ხშირად ვერც მედიასა და ვერც სოციალურ ქსელებში ვერ შევხვდებით.
გლობალიზაციამ და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დიდი საფრთხის წინაშე დააყენა შედარებით მცირე ენები, რადგან, რაც დრო გადის, მოსახლეობა მხოლოდ განათლების, კომუნიკაციების ენებზე საუბრობს და ნელ-ნელა სხვა ენების საჭიროება დღის წესრიგიდან ქრება. ეს არის გლობალური ტენდენციები. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ამ პროცესის შედეგად, “მსოფლიოს მასშტაბით კვირაში ერთი ენა ქრება.”
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ხშირად ამ ენების მცოდნე მშობლები განზრახ არ ასწავლიან საკუთარ შვილებს ენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართულად განათლების მიღებაში „სხვა ენის“ (მშობლიური) ცოდნა ხელს შეუშლით(!).
მეგრული და სვანური, თითქოს, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იქცნენ თანამედროვე სამყაროში, რადგან მათი ცოდნა თუ არცოდნა ადამიანებისთვის ბევრს აღარაფერს ნიშნავს. ქართული კულტურის ეს ორი უდიდესი ნაწილი “საოჯახო ენად” იქცა.
ორივე ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მათ წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ. ამ ენებზე მოსაუბრეთა სრული უმრავლესობა ფლობს ქართულს, ქვეყნის სახელმწიფო ენას. მეგრულ-სვანურად არ არსებობს ფორმალური სწავლება და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე მცირდება. უფრო მეტიც, მცირდება ორივე ენის გავრცელების არეალიც და არსებობს რისკი, რომ დადგება დღე, როდესაც მათ გაქრობის საფრთხე რეალურად დაემუქრებათ.
ეს არ მოხდება სწრაფი ტემპით, მაგრამ თანდათანობით, ადამიანები დაივიწყებენ ამ ენებს და გადავლენ იმ ენებზე, რომელთა ცოდნაც უფრო მომგებიანი, საჭირო და ე.წ. პროდუქტიულია.
იმისათვის რომ ენამ იცოცხლოს, საჭიროა რომ მას გააჩნდეს ფუნქცია და მას საზოგადოებაში ყოველდღიურად იყენებდნენ. შენარჩუნებისათვის საჭიროა გარკვეული ზომების მიღება და ენის სტატუსის განახლება, ენის მნიშვნელოვნების ამაღლება და მისი ყოველმხრივი განვითარება, რათა არ დარჩეს მხოლოდ „შინაურ“, „ოჯახურ“ ენად.
ცნობისთვის, მეგრული ენა იუნესკოს მიერ შეყვანილია „გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების სიაში“. ახალ თაობაში სულ უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს მეგრულად. ენის სიცოცხლის „გახანგრძლივებისთვის“ ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს ახალი თაობების მიერ ენის ცოდნა და გამოყენება.
მსგავსი და შესაძლოა, უფრო მეტი საფრის წინაშეა სვანური ენა. სვანურად შედარებით კიდევ უფრო მცირე პოპულაცია საუბრობს. ბოლო კვლევების მიხედვით, სვანურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი 30 000-მდე მერყეობს, რაც კრიტიკულად მცირე რიცხვია. ამასთან, მოლაპარაკეთა უმრავლესობა ძველი თაობის წარმომადგენელია.
სვანური ენა თაობიდან თაობას ვეღარ გადაეცემა ხარისხიანად. ამასთან, წლების განმავლობაში, სვანეთიდან მაღალი იყო ადგილობრივების მიგრირება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში...
ენის გაქრობა მტკივნეული და გამოუსწორებელი შეცდომაა, რადგან მისი გაქრობით შესაძლოა გაქრეს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა, უამრავი ტრადიცია და ამ ენაზე შექმნილი უდიდესი საგანძური, უნიკალური „ეთნო-საბადო“ (ფოლკლორი, წეს-ჩვეულება, ტრადიცია და ა.შ.)
***
მსოფლიოში 6000-მდე ენა არსებობს. მძიმეა მეცნიერთა პროგნოზებიც. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ენების 50%-ს, მომდევნო ას წელიწადში, სრულად გაქრობა დაემუქრება. არის კიდევ უფრო სკეპტიკური მოსაზრებაც, რომ მსოფლიოს ენებიდან სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ 500 ენაა და შესაბამისად გადარჩენის შესაძლებლობა მხოლოდ ამ ენებს ექნებათ.
სამწუხაროდ, დღეს ფაქტი ერთია - დომინანტი ენები „ჩრდილავენ“, „ჩაგრავენ“ სხვა ენებს და თავიანთი სიძლიერით დემოტივაციას აძლევენ მცირერიცხოვან ენებზე მოსაუბრე ადამიანებს, გააგრძელონ მშობლიურ ენაზე საუბარი.
ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ გლობალიზაციის პირობებში, ძლიერი ენა კიდევ უფრო ძლიერდება, ხოლო სუსტი ენა ქრება და იკარგება მისი ფუნქციური მდგომარეობის გამო. ამ ყველაფრის გამო გამოსავალი მხოლოდ ერთია - ხალხისა და სახელმწიფოს აქტიურობა, ახალი რეფორმების გატარება და ენობრივი კორპუსის რეორგანიზება.
***
შეგვიძლია გავიხსენოთ პოლონეთის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მონოლინგვური ქვეყანაა (მოსახლეობის 97% საუბრობს პოლონურად) ევროპაში. რამდენიმე ათეული წლის წინ, პოლონეთში კაშუბური ენა (სლავური წარმოშობის ეთნიკური უმცირესობა) დიდი საფრთხის წინაშე დადგა.
კაშუბებმა, პოლონური ენის პრესტიჟულობის და ფუნქციურობის გამო დაიწყეს კაშუბურის დავიწყება. პოლონეთის მთავრობამ ენის შენარჩუნების მიზნით 2005 წელს, კაშუბურ ენას რეგიონში ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, შეიტანა კაშუბური ენა ადგილობრივ სკოლებში, დაიწყო კაშუბური ენის მასწავლებლების ტრენინგი და მომზადება. შეიქმნა მრავალი ორგანიზაცია, რომელიც კაშუბური ენისა და კულტურის გარეკლამებაზე მუშაობენ. დღესდღეობით პოლონური ენის დომინანტობის მიუხედავად ხერხდება კაშუბური ენის შენარჩუნება, მართალია რთულად, მაგრამ მაინც ხერხდება ახალი თაობებისათვის ენის გადაცემა. რომ არა 2005 წელს დაწყებული საქმიანობა, დღეს შესაძლოა ახალ თაობას თითქმის აღარ ემეტყველა ამ ენაზე და ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარიყო.
***
მეგრული და სვანური ენები საქართველოს მემკვიდრეობის უმდიდრესი საბადოა, რადგან ისინი არიან ასევე უდიდესი მარაგი ქართული სალიტერატურო ენისა.
სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეგრული და სვანური ენების გამოცოცხლება და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა, სანამ კიდევ უფრო არ გაუარესდება არსებული მდგომარეობა. უნდა დაიგეგმოს ენის სტატუსი და კორპუსი.
პირველ რიგში, საზოგადოებაში ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე, ვიმსჯელოთ, ერთად ვეძებოთ გამოსავლის გზები და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი მემკვიდრეობა.
აუცილებელია, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება მოსალოდბელი საფრთხის შესახებ. ძალიან ბევრის აღქმაში სვანური და მეგრული (ლაზური) განიხილება, როგორც მხოლოდ ე.წ. „ოჯახში გამოსაყენებელი“ ენები.
არ დავკარგთ ის, რაც უკვე საუკუნეებია არსებობს და რაც ჩვენი ქართველობის, იდენტობის განუყოფელი ნაწილია!!!
***
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
გამოყენებული წყაროები:
feed.jeronimomartins.com/society/culture/the-kashubian-language-is-still-alive/
0
0