26/05/2023
20:40
პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც მისივე თქმით, დაკავშირებული იყო სხვადასხვა გარემოებებთან, მათ შორის, საკურორტო სეზონის დაწყებასთან.
"ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი შეთავაზება და ის დაკავშირებული იყო უამრავ გარემოებასთან, მათ შორის საკურორტო სეზონის დაწყებასთან," - თქვა პუტინმა ორგანიზაცია Деловая Россия-სთან შეხვედრისას.
პუტინი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო იმ ადამიანების "დახმარება", რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც "უყვართ საქართველო".
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოში მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. პუტინი ამბობს, რომ მადლობას ელოდა, თუმცა მიიღო "გაუგებარი ქარიშხალი":
"გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად," - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო.
0
0