
ამ აქტის დასახელება იმ კონტექსტს აბსოლუტურად არ შესაბამება, რომელიც ამ მოცემულობაშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.
მისივე თქმით, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს და აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული.
„ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ, უკვე მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ, აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი – უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმ დინამიურ განვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.
შესაბამისად, ის მოცემულობა და მცდელობა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვალ-ყურს ვადევნებთ, რომელიც კონკრეტული ძალების მიერ არის ნაკარნახევი და მათი უშუალო ჩართულობით ხდება ამ პროცესების განვითარება, წარმოადგენს უსამართლობას და ელემენტარულად საქართველოს უპატივცემულობას. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.
0
0
„რიყის დოქები“ გაიყიდა
05/05/2025