
"ბადაგონის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. 20 წლის წინ, „ბადაგონის“ დაარსების პირველივე დღეებიდან, პატრიარქი ჩვენს გვერდით იდგა და მისი ლოცვა-კურთხევა დღემდე, ჩვენი გზის წარმმართველია."- ამის შესახებ მეღვინეობა "ბადაგონი" სოციალურ ქსელში წერს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა- კურთხევით და შემწეობით, საფუძველი ჩაეყარა ალავერდის ეპარქიისა და კომპანია "ბადაგონის" ქვეყნისთვის უპრეცედენტო თანამშრომლობისა და ეპარქიის განვითარების პროგრამას.
იგი გახლდათ თითოეული ჩვენი წარმატებისა თუ სირთულის გულითადი გამზიარებელი. სწორედ მისი ლოცვითა და ალავერდის ეპარქიის თანადგომით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები: - ალავერდის მონასტრის XI საუკუნის ისტორიული მარნის აღდგენა, მონასტრის სიძველეთსაცავის მშენებლობა, წმინდა ევსტათი პლაკიდასა და წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრების აგება, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის დაარსება, ალავერდის პილიგრიმთა სასტუმროს მშენებლობა და მრავალ სხვა კეთილი საქმე.
მისი ღვაწლი და სითბო სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. გვწამს, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან კვლავაც ილოცებს ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის."- ნათქვამია "ბადაგონის" სამძიმრის წერილში.


0
0