16/02/2024
19:52
პოლიტიკა
პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტრუქციულად მიდის, ცხარე კამათის გარეშე, მაგრამ სადაც პრინციპულ საკითხებზე ალტერნატივებს ვთავაზობთ, ან არასამთავრობო ორგანოზაციების შემოთავაზება არ მოსწონთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი უბრალოდ მტკიცე უარზე არიან. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შესახებ, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან, გარდა „ლელოსი“.
თამარ კორძაიამ ამის მაგალითად დაასახელა ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ანტიკორუფციული საქმიანობა უნდა გახდეს უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები თავად ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს.
„ასევე არასამთავრობოები ამბობენ, რომ ანტიკორუფციული გამოძიება სუს-დან უნდა გადავიდეს ანტიკორუფციულ ბიუროში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამოხელეო და საჯარო პირთა დანაშაულებს იძიებს საგამოძიებო სამსახური, პირადად შევთავაზე, რომ არ გვინდა ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემა სამოხელეო დამნაშავეებისა, არამედ გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. თუმცა, ამაზე მივიღეთ მტკიცე უარი. აშკარად იკვეთება, რომ ხელისუფლებას არ სურს ეს. ამაზე არ აქვთ კონკრეტული პასუხი. მე კი მივიჩნევ, რომ ლოგიკა არსებობს იმაში, რომ თუ პატივისა და ღირსების შემლახავ დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიან საჯარო მოხელეები, პოლიციელები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმე, კორუფციაც არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი და იქ უნდა გადავიტანოთ. მეორე არგუმენტი მქონდა ის, რომ სუს-ისადმი საზოგადოებაში არსებული უნდობლობა განეიტრალდეს. სუს-ს აქვს გაცილებით მეტი კომპეტენცია, ზრუნავს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებზე, უნდა აწარმოოს ტერორისტების წინააღმდეგ საქმეებზე გამოძიება და ა.შ. და იქნებ, ეს ანტიკორუფციული ნაწილი ჩამოცილდეს ამ უწყებას, რაც ყველაზე ლოგიკური იქნება. მათ ამ ყველაფერზე არ ჰქონდათ წონადი არგუმენტები. მეეჭვება, რომ ეს ხელისუფლება სუს-ის უფლებამოსილების შემცირებაზე წამოვიდეს და თუ არ წამოვა, გამოდის, რომ შინაარსობრივ ვალდებულებები მხოლოდ ფორმალურ და ფასადურ სახე სმიიღებს“ - განაცხადა თამარ კორძაიამ რადიო „სივრცის“ ეთერში.
0
0