
საფრანგეთის კულტურის მინისტრის, რაშიდა დათის სახლსა და ოფისებში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საფრანგეთის ხელისუფლება ჩხრეკას ატარებს კულტურის სამინისტროში, კერძო სახლებსა და პარიზის მე-7 რაიონის მერიის ოფისში. ჩხრეკა კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ტარდება, რომელიც ეხება კულტურის მინისტრ რაშიდა დათის საქმიანობას ევროპარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. „გამოძიება ეხება შესაძლო აქტიურ და პასიურ კორუფციას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო სახსრების მითვისებას, დამალვასა და ფულის გათეთრებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფრანგული მედიის ცნობით, ჩხრეკის მიზანია, დადგინდეს, მიიღო თუ არა დათიმ ანაზღაურება მაშინდელი ფრანგული ენერგეტიკული კომპანია GDF Suez-დან 2010 და 2011 წლებში, როდესაც ის იყო ევროპარლამენტის წევრი. დათიმ აღნიშნული ბრალდებები უარყო.
0
0