
ლონდონში, ერთმანეთის პარალელურად, ორი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტების ერთი ჯგუფი ანტიიმიგრაციულ, ე.წ. გაერთიანდით სამეფოს აქციაზე შეიკრიბა, რომელიც ულტრამემარჯვენე ფიგურის, ტომი რობინსონი მიერ არის ორგანიზებული.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის მეორე ნაწილში ათასობით ადამიანი პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეიკრიბა.
მედიის ცნობით, ქალაქში 4 000-ზე მეტი პოლიციელია მობილიზებული და ისინი ორ მსვლელობას შორის ე.წ. სტერილურ ზონას აკონტროლებენ. პოლიცია ასევე იყენებს დრონებს, ცხენებსა და ძაღლებს, მზადყოფნაში ჰყავს ჯავშანტექნიკა.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დღევანდელი დღე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპოლიციო ოპერაციად შეაფასა.
„გაერთიანდით სამეფოს“ მსვლელობის მონაწილეები კინგსვეიში შეიკრიბნენ, შემდეგ კი უაითჰოლში და პარლამენტის მოედნის მიმართულებით გაემართნენ. ბევრი მათგანი ქვეყნის დროშას აფრიალებდა და აცხადებდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
მეორე, პროპალესტინური მსვლელობა კენსინგტონში დაიწყო, შემდეგ კი პიკადილის გავლით ვატერლოო პლეისისკენ გაემართა. აქტივისტებმა დემონსტრაცია 16 მაისს, „ნაკბას დღესთან“ დაკავშირებით გამართეს, რითაც 1948–1949 წლებში ისრაელის შექმნის პერიოდში აღნიშნული ტერიტორიებიდან ათასობით პალესტინელის იძულებითი გადაადგილება გაიხსენეს.
0
0