
ფლორიდაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ფრენის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე წამში რამდენიმე ასეული ფუტის სიჩქარით ეშვებოდა. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს ატყობინებდა, რომ თვითმფრინავი წუთში 10 000 ფუტის სიჩქარით კარგავდა სიმაღლეს. მოგვიანებით მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაშვების სიჩქარე წუთში 20 000 ფუტს აღწევდა.
„თვითმფრინავი ჩამოვარდება. დრო აღარ გვაქვს“, — ისმის პილოტის ხმა რადიოჩანაწერში, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს.
ბორტზე მყოფი ცხრავე პირი ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.
აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ მომხდარს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ჯგუფი გაემგზავრება, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მიერ დაწყებულ გამოძიებაში ჩაერთვება. პალმ ბიჩის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შემთხვევა მასობრივი მსხვერპლის ინციდენტად გამოაცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფის გამო ახლომდებარე დასახლებიდან დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩამოვარდნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალსადენის მილებს. გზის აღდგენას და მის ხელახლა გახსნას, სულ მცირე, 30 დღე დასჭირდება.
შემთხვევა დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან, მარ-ა-ლაგოდან დაახლოებით 14 კილომეტრში მოხდა. დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფის დღეს დილით მარ-ა-ლაგოში იმყოფებოდა. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ახლომდებარე აეროპორტიდან საპრეზიდენტო თვითმფრინავით, Air Force One-ით გაემგზავრა.
0
0