მეცნიერებმა ადამიანის სისხლში 618 ცილა აღმოაჩინეს, რომლებიც კიბოს დიაგნოზამდე 7 წლით ადრე ვლინდება. მათი განცხადებით, ეს ცილები დაკავშირებულია დაავადების 19 სახეობასთან, მათ შორის ნაწლავის, პროსტატისა და ძუძუს კიბოსთან.
107-მდე ცილა აღმოაჩნდა ადამიანთა ჯგუფს, რომელთა სისხლი დიაგნოზამდე, სულ მცირე, 7 წლით ადრე შეგროვდა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს კიბოს შეჩერებას მის დაწყებამდე, რაც პროფილაქტიკური თერაპიის უზრუნველყოფისკენ გადადგმული "გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი" იქნება.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებულ პროგრამა Oxford Population Health-ის მიერ ჩატარებული ორი კვლევის მიხედვით, ცილები შეიძლება კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოჩნდეს.
„კიბოს პრევენცია რომ შევძლოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ მისი განვითარების ადრეული ეტაპების მამოძრავებელი ფაქტორები. ეს კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაწვდის ბევრ ახალ მინიშნებას კიბოს მრავალი სახეობის გამომწვევ მიზეზსა და ბიოლოგიაზე, მათ შორის, იმის შესახებ, თუ რა ხდება კიბოს დიაგნოსტირებამდე რამდენიმე წლით ადრე.
ამჟამინდელი ტექნოლოგიით შეგვიძლია, დავათვალიეროთ ათასობით ცილა კიბოს ათასობით შემთხვევის დროს და დავადგინოთ, თუ რომელი მათგანი მონაწილეობს სიმსივნის კონკრეტული სახეობის განვითარებაში და რომელი ეფექტი შეიძლება იყოს მრავალი ტიპისთვის დამახასიათებელი,“ - თქვა Oxford Population Health-ის ეპიდემიოლოგმა რუთ ტრევისმა.
მეცნიერების თქმით, საჭიროა შემდგომი კვლევის ჩატარება, რათა გაირკვეს ცილების ზუსტი როლი კიბოს განვითარებაში და რომელია ყველაზე საიმედო შემოწმება. ასევე მეტი მუშაობა იქნება საჭირო იმის დასადგენად, თუ რომელი მედიკამენტის გამოყენება იქნება ეფექტური.
0
0