მეცნიერები თვლიან, რომ მათ შესაძლოა ამოხსნან საიდუმლო, თუ როგორ აშენდა ეგვიპტეში 31 პირამიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი გიზას კომპლექსი, 4000 წელზე მეტი ხნის წინ.
ჩრდილოეთ კაროლინას ვილმინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პირამიდები სავარაუდოდ, მდინარე ნილოსის დიდი ხნის დაკარგული, უძველესი განშტოების გასწვრივ აშენდა, რომელიც ამჟამად უდაბნოსა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ქვეშ იმალება. მრავალი წლის განმავლობაში, არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ძველი ეგვიპტელები ახლომდებარე წყლითსავალ გზას იყენებდნენ ისეთი მასალების გადასატანად, როგორიცაა მდინარეზე პირამიდების ასაგებად საჭირო ქვის ბლოკები.
„თუმცა ამ დრომდე არავინ იცოდა პირამიდების ფაქტობრივი ადგილისკენ მიმავალ ამ წყლითსავალი მეგაგზის ადგილმდებარეობის, ფორმის ან ზომის შესახებ. რადარის ტექნოლოგიის დახმარებით, ქვიშის ზედაპირზე შეღწევა და მისი ათასობით წლის წინანდელი დაფარული ტოპოგრაფიული ელემენტების გამოსახულების შექმნა შევძელით. მათ შორისაა საჰარას უდაბნოს ქვეშ მოქცეული მდინარეები და უძველესი კონსტრუქციები, რომლებიც იმ მთისწინეთში გადის, სადაც ძველი ეგვიპტური პირამიდების დიდი უმრავლესობაა. მდინარის ტოტის მდებარეობა და ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, არსებობდა მძიმე ბლოკების, სამშენებლო აღჭურვილობისა და ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოსადეგი წყლითსავალი გზა, ნამდვილად გვეხმარება პირამიდის მშენებლობის საიდუმლოების ამოხსნაში“, - განუცხადა BBC-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ემან ღონეიმმა.
„მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მდინარის განშტოება - სახელად „აჰრამატის ტოტი“, ["აჰრამატი" არაბულად პირამიდებს ნიშნავს] - დაახლოებით 64 კმ სიგრძისა და 200-700 მ სიგანის იყო და ესაზღვრებოდა 31 პირამიდას, რომლებიც 4700-3700 წლების წინ აშენდა. პირამიდის კომპლექსებთან მდინარის ტოტის სიახლოვე ნიშნავს, რომ ის აქტიური და მოქმედი იყო ამ პირამიდების მშენებლობის ფაზაში. ძველი ეგვიპტელები შესაძლოა, ადამიანური ძალის გარდა, მდინარის ენერგიას იყენებდნენ ამ მძიმე ბლოკების გადასაზიდად, რაც გაცილებით ნაკლები ძალისხმევაა", ნათქვამია კვლევაში.
0
0