
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 1,64 მილიარდი წლის წინანდელ ქანებში [ავსტრალიაში] რთული, ბირთვის შემცველი უჯრედების მქონე ცოცხალი ორგანიზმების ფორმები აღმოაჩინა. მათი ვარაუდით, ეს ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება მსოფლიოს პირველი მტაცებლები იყვნენ და ოკეანეში არსებული მიკრობებით იკვებებოდნენ და სწორედ ისინი არიან დედამიწაზე ყველა ევკარიოტული სიცოცხლის (დღეს არსებული ყველა მცენარის, ცხოველისა და სოკოსი, მათ შორის ადამიანების) წინაპრები.
„ითვლება, რომ ევკარიოტები 2 მილიარდი წლის წინ არსებობდნენ, მაგრამ მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ისინი მხოლოდ 800 მილიონი წლის წინ გავრცელდნენ. თუმცა, ევკარიოტების მიერ წარმოქმნილი მოლეკულების ახლად აღმოჩენილი კვალი 1,6 მილიარდი წლის წინანდელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადრეული ევკარიოტები მსოფლიოში უხვად იყვნენ წყლის ეკოსისტემებში. ჩვენ აქამდე მათი კვალი არ გვინახავს. ისინი ერთგვარად დამალულნი იყვნენ - უკანასკნელ ევკარიოტულ საერთო წინაპრამდე, 1,2 მილიარდი წლის წინაც კი არსებობდნენ,“ - თქვა გერმანიის ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერმა ბენჯამინ ნეტერსჰაიმმა.
კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა წყლიანი ადგილიდან აღებულ ქანებს ჩაუტარდა.
მეცნიერი კონრად ბლოხი, რომელმაც 1964 წელს ნობელის პრემია მოიპოვა ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში, პროგნოზირებდა, რომ თითქმის ყველა ევკარიოტს შეუძლია სტეროიდების სინთეზი, მაგალითად, ქოლესტერინის.
„სხვადასხვა თანამედროვე სტეროიდის განმარხებულ ეკვივალენტად გარდასაქმნელად, სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია გამოვიყენეთ“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პალეობიოქიმიკოსმა იოხენ ბროქსიმ.
ბიოქიმიური ანალიზების შედეგებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ამოეცნოთ ნამარხი მოლეკულები, განსაკუთრებით უძველეს ქანებში. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ევკარიოტი ბიომარკერები მთელი ამ ხნის განმავლობაში იმალებოდნენ, მაგრამ უცნობი რჩებოდა, რომელმა არსებებმა დატოვეს ისინი, რადგან აღმოჩენილი არ არის თავად ამ ქმნილებათა ნამარხები.
„ჩვენდა გასაკვირად, ევკარიოტი ბიომარკერები საოცრად დიდი რაოდენობით აღმოვაჩინეთ ყველგან, სადაც ისინი ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდნენ. ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ კონრად ბლოხის ჰიპოთეზა. ამ პროტოსტეროიდების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული ევკარიოტები ადაპტირებულნი იყვნენ თანამედროვე დედამიწისგან ძალიან განსხვავებულ სამყაროსთან. დღეს ატმოსფეროში გაცილებით მეტი ჟანგბადია, ვიდრე 1,6 მილიარდი წლის წინ იყო და ამ ადრეული ევკარიოტების მიერ წარმოქმნილ პროტო-სტეროიდულ მოლეკულებს ქოლესტერინის გამომუშავებაზე ნაკლები ჟანგბადი სჭირდებოდათ. ვიმედოვნებთ, რომ ეს აღმოჩენა დაგვეხმარება, კიდევ უფრო მეტად დავაზუსტოთ, სად, როდის და რა პირობებში ცოცხლობდნენ ჩვენი ადრეული ევკარიოტული წინაპრები,” - თქვა ბენჯამინ ნეტერსჰაიმმა.
0
0