29/03/2024
13:20
მსოფლიო
ჯოუს დინასტიის წარმომადგენელი, იმპერატორი ვუ ჩინეთს 560-დან 580 წლამდე მართავდა. განსაკუთრებით ქაოტურ პერიოდში, მისი მმართველობის დროს გაერთიანდა ძველი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილი. არქეოლოგებმა მისი საფლავი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში 1996 წელს აღმოაჩინეს. მკვლევარებმა იმპერატორის ნაშთების გენეტიკური მასალის - თითქმის სრული თავის ქალის - ანალიზი ჩაატარეს. მათ მოიპოვეს ინფორმაცია მისი გარეგნობის, ჯანმრთელობისა და წინაპრების შესახებ.
იმპერატორი მომთაბარე ჯგუფს (Xianbei) მიეკუთვნებოდა, რომელიც დღევანდელ მონღოლეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ცხოვრობდა. დნმ-დან მიღებულმა გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ იმპერატორ ვუს ყავისფერი თვალები, შავი თმა და მუქი კანის ფერი ჰქონდა.
„ზოგიერთი მკვლევარის თქმით, მომთაბარე ჯგუფი „ეგზოტიკური“ გარეგნობით გამოირჩეოდა, როგორიცაა სქელი წვერი, ცხვირის მაღალი ხიდი და ყვითელი თმა. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ იმპერატორ ვუს ტიპიური აღმოსავლეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიური სახის მახასიათებლები ჰქონდა. კვლევა დამაინტრიგებელ ინფორმაციას გვაძლევს იმპერატორ ვუს ისტორიული ფიგურის შესახებ. სახის მიახლოებით წარმოდგენილი ნაკვთები დამაჯერებლად რეალისტური ჩანს. თუმცა, ჯერჯერობით საკმარისი დეტალები ვერ მოვიპოვეთ სხვა მორფოლოგიური ცვლადების შესახებ, როგორიცაა კანის სისქე, კუნთი და ცხიმი, სახის ძვლები, თვალის კაკლის განლაგება და პროექცია, წარბების ფორმა, ცხვირის სიგანე“, - თქვა შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შაოკინგ ვენმა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ უძველესმა დნმ-მ შესაძლოა ვუს გარდაცვალების მიზეზს ნათელი მოჰფინოს. კვლევის თანახმად, იმპერატორი 36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ისტორიულ ტექსტებში მისი გარდაცვალების მიზეზად ავადმყოფობა და განზრახ მოწამვლა სახელდება. მკვლევარების თქმით, იმპერატორს გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა ინსულტის მიმართ, რამაც შეიძლება ახსნას ზოგიერთი სიმპტომი - ქუთუთოების შეშუპება, სიბრმავე და მძიმე სიარული.
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იმპერატორი ვუ დაქორწინებული იყო ჰანის დინასტიის წარმომადგენლებზე, რომლებიც დღეს ჩინეთის დომინანტური ეთნიკური ჯგუფია.
„ელიტური ჯგუფი, რომელსაც იმპერატორი მიეკუთვნებოდა, Xianbei-სა და ადგილობრივი ჰანის ელიტარული ჯგუფების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. გენეტიკურად, ეს ჯგუფი თითქმის შესწავლილი არ არის. ვუ ჩინეთს იმ პერიოდში მართავდა, რომელსაც ისტორიკოსები ხშირად „ქაოსის ბნელ ხანად“ მოისხენიებდნენ - დინასტიები თანმიმდევრულად იზრდებოდა და იშლებოდა,“ - ნათქვამია კვლევაში.
0
0