21/04/2023
16:35
მსოფლიო
ყოველწლიურად ტექსტილის ინდუსტრია ტანსაცმლის შესაღებად 1,3 ტრილიონ გალონ წყალს იყენებს - ეს ის რაოდენობაა, რომელიც ოლიმპიური თამაშების 2 მილიონ საცურაო აუზს გაავსებს. როგორც ცნობილია, მავნე ქიმიკატებითა და საღებავებით გაჯერებული ამ წყლის უმეტესი ნაწილი დაუმუშავებელი სახით მდინარეებში ჩაედინება.
აბუ დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE) არსებული ხალიფას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი ნანომასალა, რომელსაც, მათი თქმით, შეუძლია ჩამდინარე წყლები ამ საღებავებისა და სხვა სამრეწველო დამაბინძურებლებისგან გაასუფთავოს.
„მასალა ქვიშის მსგავსი პაწაწინა მარცვლებისგან შედგება, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს,“ - თქვა პროექტის ხელმძღვანელმა, ხალიფას უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის პროფესორმა ენას ნაშეფმა.
ნანომასალა შეიცავს წებოვან ნივთიერებას (პოლიმერს), რომელსაც მიდიები გამოყოფენ. როგორც ენას ნაშეფი ამბობს, შესაბამისი გამხსნელი ნივთიერების პოვნა გამოწვევა იყო, რადგან მათი უმეტესობა ტოქსიკურია, თუმცა ჯგუფმა გამოსცადა ნანომასალა და დაადგინა, რომ ის ეფექტური და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა.
გაეროს შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად თითქმის 95 ტრილიონი გალონი ჩამდინარე წყალი მუშავდება, რაც მთლიანი მოსახლეობისთვის საჭირო დაახლოებით 41 წლის სამყოფ სასმელ წყალს უტოლდება. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად გაწმენდილია ჩამდინარე წყლების მხოლოდ 20%, რაც იწვევს სუფთა წყლის გლობალურ დეფიციტს. 2030 წლისთვის მტკნარ წყალზე მოთხოვნა მიწოდებას 40%-ით გადააჭარბებს.
ტექსტილის ინდუსტრია გლობალურად სამრეწველო ჩამდინარე წყლების დაახლოებით 20%-ს მოიხმარს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ნაშეფმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, თავიანთი ძალისხმევის ფოკუსირება "ანიონურ საღებავებზე" მოახდინონ. როგორც ცნობილია, არ არსებობს ეფექტური მეთოდი წყლის ამ ტიპის საღებავისგან გასაწმენდად. ნაშეფი იმედოვნებს, რომ მისმა მაღალეფექტურმა მასალამ შეიძლება აღმოფხვრას ბინძური ჩამდინარე წყლების პრობლემა. ნანომასალამ ლაბორატორიაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
ენას ნაშეფი სამრეწველო პარტნიორებს ეძებს, რათა ახალი მეთოდი პრაქტიკულად გამოსცადოს. მისი აზრით, „ინოვაცია ხელს შეუწყობს მომავალი პანდემიების გავრცელების მართვას“.
0
0