მკვლევარებმა, რომელთა მისია მსოფლიო ოკეანეების ამ დრომდე უცნობი ბინადრების მიგნება იყო, განაცხადეს, რომ მათ ღრმაწყლოვანი თევზის 100-მდე პოტენციური ახალი სახეობა აღმოაჩინეს - მათ შორის ერთ-ერთი ვარსკვლავისებრი, უცნაური ფორმისაა. ექსპედიციის ჯგუფმა ახალი ზელანდიის ზონაში, ოკეანის 800 კმ სიგრძის მცირედ შესწავლილი ნაწილი შეისწავლა. ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის საექსპედიციო გემით Tangaroa, მეცნიერებმა, თებერვალში, სამი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს.
ჯგუფმა 4,800 მ სიღრმიდან აღებული თითქმის 1,800 ნიმუში შეაგროვა და თევზის, კალმარის, მოლუსკისა და მარჯნის ახალი სახეობები აღმოაჩინა, რომლებიც, მათი აზრით, მეცნიერებისთვის ახალია.
”ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ეს უზარმაზარი ტერიტორია აბსოლუტურად შეუსწავლელია. ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ. კვლევა ძალიან საინეტრესო იყო“, - თქვა ოკეანოლოგმა დანიელ მურმა.
მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, მეცნიერთა ჯგუფი ღრმაწყლოვანი თევზის ახალ სახეობებს დეტალურად შეისწავლის. მკვლევარების დაბნეულობა ერთ-ერთმა სახეობამ გამოიწვია, რომელიც, თავდაპირველად, მათ ზღვის ვარსკვლავი ან ზღვის ანემონი ეგონათ.
„ეს სახეობა ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცულია. მისი ოჯახის განსაზღვრაც არ შეგვიძლია. ასე, რომ შემდგომი კვლევა საინტერესო იქნება. ასევე გაკვირვებულნი ვიყავით, როდესაც გველთევზას ახალი სახეობა ვიპოვეთ და მაშინვე ვაღიარეთ, რომ ის სხვებისგან განსხვავებულია. ზღვაში ხერხემლიანების ახალი სახეობის ნახვა იშვიათია,”- თქვა მურმა.
როგორც ქუინსლენდის მუზეუმების ქსელის ტაქსონომისტმა მიქელა მიტჩელმა განაცხადა, ვარსკვლავისებრი ბინადარი შეიძლება ღრმა ზღვის მარჯნის სახეობაა.
მეცნიერული მონაცემების მიხედვით, დედამიწის ოკეანეების სიღრმეებში მობინადრე თევზის 2,2 მილიონი სახეობიდან მეცნიერებმა მხოლოდ 240,000 შეისწავლეს.
0
0