
ბოლო კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინში დიდი ოდენობით პლასტმასის მიკრონაწილაკები გროვდება. ავტორთა ნაშრომი, რომელსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია, National Institutes of Health-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
მათ გაკვეთილი გვამებიდან ტვინის ქსოვილების 91 ნიმუში მოიპოვეს და გააანალიზეს. შედეგად, სპეციალისტებმა უკლებლივ ყველა მათგანში მიკროპლასტმასას მიაგნეს. ამ ნაწილაკების კონცენტრაცია იქ 10-20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმავე ცხედრებიდან აღებულ თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილებში.
ეს მიანიშნებს, რომ სხეულში ტვინის რუხი ნივთიერება მიკროპლასტმასით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული არეალია. კერძოდ, სპეციალისტთა გამოთვლებით, 24 ნიმუშში საშუალო წონის 0.5% სწორედ პლასტმასის მიკრონაწილაკებს ეკავა, რაც მათი განცხადებით, საგანგაშოა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ორგანიზმში მათი მოხვედრა ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ეს უნაყოფობის რისკთან, იმუნური სისტემის შესუსტებასთან, მეხსიერების გაუარესებასთან და სიმსივნესთანაც კი დააკავშირეს.
ზემოხსენებული ნიმუშების დონორ რამდენიმე ადამიანს დემენცია აწუხებდა, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება. მათ ტვინში სხვებზე 10-ჯერ მეტი მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს.
0
0