მეცნიერებმა ავსტრალიაში ხოჭოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც, შავი კანისა და თეთრი ბეწვის გამო, "პანკ ხოჭო" უწოდეს.
ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეიმს ტვიდმა „ფუმფულა“ სახეობა, შემთხვევით, ლაშქრობაში ყოფნისას, შეამჩნია.
"ეს უნიკალური სახეობაა. ბევრი მწერი არ არსებობს, რომელსაც ასეთი მახასიათებლები აქვს", - განუცხადა ჯეიმს ტვიდმა BBC-ს.
ასევე, ეროვნულმა სამეცნიერო სააგენტო CSIRO-მ დაადასტურა, რომ ახლადაღმოჩენილი სახეობა ხოჭოების სრულიად ახალი ოჯახია. ჯეიმს ტვიდმა ფოთოლზე მცირე ზომის თეთრი ფიგურა, თავდაპირველად, 2021 წლის დეკემბერში, Gold Coast-ის შიდა მხარეში შეამჩნია, თუმცა იმ დროისთვის მას ამაზე ბევრი არ უფიქრია. მეორე შემთხვევაში, ენტომოლოგმა გააცნობიერა, რომ თეთრი ფიგურა, სინამდვილეში, მანამდე უცნობი მწერი იყო.
”ხოჭო დაახლოებით ერთი სანტიმეტრია და დაფარულია გრძელი, ფუმფულა თეთრი ბეწვით. ავსტრალიის მწერების ეროვნული კოლექციის ცენტრში რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვმუშაობდი, რომლებმაც მთელ ავსტრალიასა და მსოფლიოს მუზეუმებში ხოჭოების ამ ჯგუფების ათიათასობით ნიმუში გამოიკვლიეს და ამ ტიპის ნიმუში ვერსად იპოვეს. მე არ ვიცი არც ერთი [სხვა მწერი], რომელსაც ასეთი ტიპის ბეწვი აქვს. ის იმდენად განსხვავდება სხვა სახეობებისგან, რომ მწერების ეროვნული კოლექციის ცენტრმა ის „ლონგჰორნი“ ხოჭოების სრულიად ახალ გვარად ან ოჯახის ჯგუფად ჩათვალა და მას ოფიციალურად Excastra albopilosa მოუწოდა - Excastra ლათინურად ნიშნავს "ბანაკიდან", ხოლო - albopilosa "თეთრი და თმიანი”, - თქვა ჯეიმს ტვიდმა.
მეცნიერები ზუსტად ვერ განმარტავენ, რატომ არის ხოჭო ბეწვიანი, თუმცა მათი თქმით, ის წარმოიშვა სოკოს მიერ განადგურებული მწერის იმიტირების მიზნით, როგორც მტაცებლების შეკავების საშუალება.
0
0