31/10/2024
23:03
პოლიტიკა
მეც მაქვს კითხვა, სად იყო გიორგი გახარია, სად არის და სად არიან მისი პარტიის ხალხი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ელისაშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ესწრებოდა სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელთა შეხვედრას გიორგი გახარია.
„ძალიან დამავალებთ, თუ ამ კითხვას დაუსვამთ გიორგი გახარიას. ჩვენი კოალიცია ვდგავართ ეპიცენტრში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, ბრძოლაში შევედით და ვსწავლობთ კოალიციურ ურთიერთობებს. ამისთვის მადლობა „ოცნებას“. სად არის გახარია, მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილს ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან“.
ელისაშვილის შეფასებით, გახარიას მხრიდან ამ კრიტიკას ვერ მიიღებს.
„ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავდექით, რადგან ყველას მოგვპარეს არჩევანი. ჯამში ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნდათ, რომ ეს გამარჯვება აგვწაპნონ. ამიტომ შევქმენით შტაბი და გავაერთიანეთ ძალისხმევა. ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ყოველ ჯერზე ვპატიჟებთ გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით. ახლა უკვე გასაგებია ჩვენი შეკრების ადგილი – ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? მოვიდეს და გვითხრას, რა მოთხოვნები უნდა იყოს, არავინ კარს არ უჭედავს. ყველას უნდა, ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, შე დალოცვილო, მოდი და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის, შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, სახელმწიფოებრივად, განსაცდელშია ქვეყანა“ , – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
0
0