
“მე ვიცი, რომ მიმდინარეობს კულუარული კონსულტაციები, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე განსაკუთრებით (სიტყვას „განსაკუთრებით“ მიაქციეთ ყურადღება). ამ კონსულტაციების შედეგებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.”- ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „შუადღის სივრცეში“ საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამწვავებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, ვის შორის არის ეს კონსულტაციები, ამას შეგნებულად არ ასახელებს. თუმცა, როგორც არეშიძე ამბობს, კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგიერთ დასავლურ სტრუქტურას შორის.
კითხვაზე, რა შედეგით უნდა დასრულდეს ეს კონსულტაცია, მამუკა არეშიძე პასუხობს, რომ ეს შეჯერებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მოქნილ პოლიტიკაზე.
„დასავლეთი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ საქართველო დაკარგოს. საქართველოს დაკარგვა ნიშნავს კავკასიის დაკარგვას. განსაკუთრებით, შავი ზღვის, რომლისთვისაც ბრძოლა დღეს გადამწყვეტ ფაზაში შედის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. საბოლოო ჯამში, ის შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი მოქნილობა მართებს და დასავლეთს - დიპლომატია. ამ შემთხვევაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კი არ ვგულისხმობ და ევროკავშირის ზოგიერთ დეპუტატს, არამედ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ კლიმატს მსოფლიოში.
ასე რომ, როდესაც შევატყობთ საქართველოს ხელისუფლების შერბილებულ ტონს, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივდივართ და დანიშვნებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება კანონს, ის არის უბრალოდ ბერკეტი {ევროკავშირისთვის}. სხვა რამეშია საქმე. მსოფლიო გეოპოლიტიკა არის უმწვავესი. ყველა ცდილობს საკუთარი თამაში ითამაშოს. ორმაგი სტანდარტი მსოფლიო პოლიტიკაში გახდა ყოველდღიური მოვლენა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ითამაშოს ისეთი თამაში, რომელიც მას მეტ დივიდენდს მოუტანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
0
0