
მე ვფიქრობ, ნიკა მელია პოლიტიკური „ლუზერია“ და დიდ ყურადღებასაც აღარ იმსახურებს, მე ასე ვხედავ მას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია დიდი ხანია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ დანგრევას, თუმცა ამას ვერ შეძლებს. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ის, რომ მელია გამუდმებით იქცევა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
"ვანო მერაბიშვილი, რომლის მიმართაც მე, თამარ ჩარკვიანს, ოპოზიციონერობის დროს მქონდა პრეტენზიები, ის ჩაჯდა სამარტოო საკანში, ხაჭაპურები არ უჭამია იქ, სამარტოო საკანში იჯდა და მოიხადა. ჩემს პარტიას ჰქვია „კანონი და სამართალი“, მე მინდა სამართლებრივი ქვეყანა ავაშენო, მე ვეღარაფერს ვეუბნები მერაბიშვილს. ის არის იმ პარტიის დამფუძნებელი, ჩემს პარტიას ხომ არ უგულშემატკივრებს ის კაცი, ციხიდან რომ გამოვიდა, თავისას გულშემატკივრობს.
მელია გამოქანებულია და ჩხუბობს! ამხედრებულია ამ კეზერაშვილის ნაჩუქარ ჯიპზე, თავის დროზე იმ პარტიის თავმჯდომარე, დღეს რომ კეზერაშვილზე ლაპარაკობს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი აქვს სამუშაო და თუ მას ხელისუფლების შეცვლა სურს, საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიუხედავად უნდა გაერთიანდეს.
„ძალიან სერიოზული სამუშაოა ოპოზიციურ ფლანგზე. მე ამაზე დიდი ხანია ვესაუბრები ყველას. გავიგე, რომ ერთმანეთი ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ თუკი ჩვენ ძალიან მწვავედ და სერიოზულად ვუდგებით იმას, რომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, მაშინ უნდა გაერთიანდეს. ერთი რაღაც ეს არის მყარი დასავლური კურსი, რის გამოც შენ უნდა გაერთიანდე“,- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
კითხვის პასუხად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ „ღია კარში“ გაერთიანების მიზნით რატომ არავინ შევიდა გიორგი ვაშაძის გარდა, თაკო ჩარკვიანმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიდგომა გააკრიტიკა.
„არა მგონია, ჩემზე უფრო მაგარი ოპოზიცია იყოს რომელიმე გახარიას პარტიაში მყოფი ადამიანი, რომლებიც პროკურორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. თამარ ჩარკვიანს ნათია მეზვრიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არაფერი უნდა უთხრას! სირცხვილია! ადეიშვილის პროკურორი იყო. მე რომ ქუჩაში ვიდექი, პროკურორი იყო. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მათ ხომ არ შეიძლება ისაუბრონ, არაა! ამიტომ დავიწყე საუბარი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ფრთაა მისული. ლაშა ფარულავას რამე ბრალი აქვს ოდესმე? ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს? გიორგი ვაშაძეს რაიმე ბრალი აქვს სადმე?“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0