
შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხზე მოკვლევა დაიწყო.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა. მეტი დეტალი ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებული არ არის.
საქმე იმაშია რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბინას ოპოზიციონერი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. გუშინ უკვე თავად "ლელოს" ლიდერის ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა შეთანხმების მიღმა დაისვა კითხვა არის თუ არა გადახდილი უძრავი ქონების გაქირავებით მიღებულ სარგებელზე, საშემოსავლო გადასახადი.
საკითხს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ის მამუკა ხაზარაძის მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
"მე რომ მქონდეს ზედმეტი ბინა არ მივაქირავებდი დიპლომატს. მამუკა ხაზარაძე ადვოკატები და ოჯახი გააკეთებენ განმარტებას. იხდიდა არ იხდიდა, რა კონტრაქტი იყო, ქვე მოქირავისგან იქირავა - არ ვიცი, არ ვიცნობ ამ დეტალებს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია კი აღნიშნულ საქმეში დაღვევას ვერ ხედავს.
"საშემოსავლო სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ შეიძლება რაღაც დარღვევები გამოვლინდეს და ამ განცხადებების შემდეგ კიდევ გავაკეთებთ შეფასებას. თუ ადამიანი არაფერს არღვევს, ქირით ცხოვრობს და იხდის კეთილსინდისიერად დარღვევა რატომ არის არ მესმის", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
0
0