„მე ჯერ ისევ „იმედში“ ვარ, დაველოდები პრემიერს“, - ასე პასუხობს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას.
ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები იგეგმება, მაგრამ კონკრეტული კადრების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არაა დადგენილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციის გარდა. მიშა ფეიქრიშვილი ამ პოსტზე ნინო გიორგობიანს ჩაანაცვლებს. სავარაუდოდ, ნინო გიორგობიანი ირაკლი ღარიბაშვილთან, პარტიაში გადავა.
„მოდით, ჯერ არ გავაკეთებ კომენტარს, დაველოდოთ ორშაბათს. დავუტოვოთ ახალ პრემიერს უფლება, რომ თვითონ თქვას ყველა ცვლილების შესახებ. როგორც მან განაცხადა, ორშაბათს ვიტყვი ყველაფერსო. შესაბამისად, დაველოდოთ. მე ჯერ ისევ „იმედში“ ვარ“, - ამბობს „Newshub.ge“-თან საუბრისას მიშა ფეიქრიშვილი.
ცნობისთვის, მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად 2023 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე ის პარლამენტში მუშაობდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ფეიქრიშვილი წლების წინ მუშაობდა „რადიო იმედში“, შემდეგ კი - ტელეკომპანია „იმედში“.
0
0