-share.jpg)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამხდარიყო საგარეო საქმეთა მინისტრი და რატომ მიიღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნებში.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი უცვლელი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება რუსული წნეხისგან და ქვეყნის ევროპული მისწრაფების აღსრულება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ გზიდან მას არასდროს გადაუხვევია.
„ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო - საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება. იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით - რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორ-ნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს - სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას.
ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ!
იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იგივეს ვიტყვი: - მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
09/05/2025
მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
08/05/2025