
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს ქვედანაყოფის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერება, სამხედროების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საკუთარ სიტყვაში თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე სამხედროები უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, სამშვიდობო მისიებში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლადმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს და სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე 23-ე ბატალიონის ასეულის დონის სიტუაციურ სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.
მე-2 ქვეითი ბრიგადის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
0
0