
წაგება შეიძლება სასამართლოშიც, არბიტრაჟშიც, მაგრამ ამას ახლავს ის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დანახული და შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე სურათია, რომ საქართველოს ედავები მილიარდ-ნახევარს, მაშინ როდესაც აპირებდი, ქვეყანა იმის გამო შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში, რომ საკუთარ ვალდებულებებს ვერ გაართვი თავი.
„სასამართლო დავა, საარბიტრაჟო დავა არ უნდა იყოს უცხო ხილი, მსოფლიოში ხდება ასეთი რამ, დაპირისპირება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, მაგრამ აქ არის გადაჭდობილი ეს დავა სერიოზულ პოლიტიკურ ასპექტებთან. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებობდა ასეთი თაღლითური პროექტი და გამოვლინდა, რომ ეს პროექტი მართლაც თაღლითური იყო, მით უმეტეს, იმ დამოკიდებულებით, რომელიც ანაკლიის პორტის ყოფილმა მფლობელებმა განახორციელეს, რაღაც დრიბლინგი პოლიტიკურ ველზე. ეს დადასტურდა, ჩვენთვის ამას აქვს მნიშვნელობა. წაგება შეიძლება სასამართლოშიც, არბიტრაჟშიც, მაგრამ ამას ახლავს ის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დანახული და შეფასებული. ეს არის მძიმე სურათი, რომ საქართველოს ედავები მილიარდ-ნახევარს, მაშინ როდესაც აპირებდი, ქვეყანა შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში იმის გამო, რომ საკუთარ ვალდებულებებს ვერ გაართვი თავი. ეს არის დასკვნა, ამის იქით არაფერი არსებობს, არც არანაირი დაჩემებული ქველმოქმედება, გარდა იმისა, რომ წალენჯიხაში რაღაც პატარა პლასტმასის აბაზანა ააგეს, ამის იქით არაფერი არსებობს. არსებობს ერთი დასკვნა – საქმე გვაქვს ასეთ პოლიტიკურ თაღლითებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ინვესტორმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა.
1
0