30/04/2023
11:09
პოლიტიკა
„როგორც ყველა თქვენთან გასული „ნიუსია“ ტყუილი, ისეთივე ტყუილი ბრძანეთ პირდაპირ ეთერში. თქვენ მუშაობთ იმ ტელევიზიაში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 2008 წელს, ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და რომ მათ, შესაძლოა, ჩადენილი ჰქონოდათ ომის დანაშაულები, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დამალული ჰქონდა მთავარი - ისკანდერის ნაწილები, სავიზო რეჟიმი გააუქმა რუსეთთან, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა რუსეთს, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში სულ აგინებდა რუსეთს და სულ რუსეთის საქმეს აკეთებდა“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ tv პირველის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებს.
მისივე თქმით, ტყუილია ჟურნალისტის რეპლიკა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. მდინარაძის განმარტებით, ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, ერთადერთი, რაც მან არ გააკეთა, ეს ომში ჩართვაა.
„თქვენ რაც ბრძანეთ, ის ცალსახად ტყუილია: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, რუსეთის გასამტყუნებლად წარდგენა ჰააგის სასამართლოში, საქართველომ ამისგან თავი არ შეიკავა ბევრი ჩვენი მეგობრისგან განსხვავებით, რომლებიც არ მინდა დავასახელო. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ, ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავაგზავნეთ მოხალისეებით სავსე ორი თვითმფრინავი, იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა ომში ჩართვას - ჩვენ არ დავღუპეთ საქართველო და უზრუნველვყავით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვყოფილიყავით ფიზიკურად ცოცხლები და ეს ქვეყანა ფიზიკურად გადარჩენილიყო და ამას თქვენ უწოდებთ რუსულ საქმეს, ეს არის სამწუხაროდ ყველაზე ცუდი.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე ისაუბრა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულმა მტრულმა ძალებმა, გარე ძალების დახმარებით, მოახერხეს ქართული საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ინიცირებული კანონპროექტები რუსული იყო. რამდენიმე დღეში კი, მოსახლეობა თავად დარწმუნდა წარმოებული კამპანიის სიმცდარეში.
„რუსული კანონი არ არსებობს, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საუკუნის აფიორა. ხომ გაირკვა მერე კანადის მაგალითზე, ევროპარლამენტარების განცხადების მაგალითზეც ვერ დარწმუნდით? ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) რომ დაიწყო საუბარი, ეს კანონი უნდა დავაინიციროთო,რუსულ კანონს აინიცირებდა, კანადა, ბრიტანეთი, ისრაელი, თავად ამერიკა რუსული კანონი - ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ტყუილი იყო, ორ კანონთან გვქონდა საქმე, ერთი ამერიკულის პირდაპირ თარგმანთან, მეორე - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მის „გამოშიგნულ“ ვერსიასთან, სადაც მხოლოდ დეკლარირება იყო და რა არის დეკლარირებაში რუსული, თუ შეგიძლიათ მითხრათ? ვერ მეტყვით ვერაფრით, იმიტომ რომ ეს იყო დიდი აფიორა, რომელშიც ქვეყნის შიგნით მტრულ ძალებს, სამწუხაროდ, ეხმარებოდა ქვეყნის გარეთ გარკვეული ძალა, რომელმაც უზრუნველყო, რომ ასიათასჯერ გამეორებულიყო „არა რუსულ კანონს“ და ადამიანების ტვინში ჩაებეჭდათ, რომ ეს იყო რუსული კანონი, რაც იყო საუკუნის აფიორა და აღმოჩნდა რამდენიმე დღეში, რომ ეს იყო ტყუილი და ადამიანები საქილიკოდაც კი მოიხსენიებდნენ ხოლმე, როდესაც მომდევნო დღეებში, ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა სხვადასხვა ინიციატივები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, კანადის თუ ბრიტანეთის შემთხვევაში, მსგავსი კანონის ინიცირება - ამას ეძახდით რუსულ კანონს თქვენ. იმის გამო, რომ პროვოკაციებზე ბოლომდე არ გქონოდათ შანსი, ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონი უკან. ეს საუკუნის აფიორა თქვენმა ტელევიზიებმა და არა მარტო თქვენ, სამწუხაროდ, შესთავაზა საზოგადოებას. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მოქმედებას, რაც შეიძლება ვინმეს სპეკულაციურ იდეებში იხარშებოდეს, რომ საქართველო რაიმე ანტიდასავლურს აკეთებს. პირიქით, საქართველო და "ქართული ოცნება" არიან ბოლო წლებში ავტორები იმ გადაწყვეტილების, რომლებსაც ჰქვია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ა.შ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0