11/01/2025
23:05
მსოფლიო
ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების მიერ მიღწეული გარკვეული შედეგის მიღწევის მიუხედავად, ოთხშაბათამდე საფრთხის დონე მაღალი რჩება.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა, რობერტ ლუნამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევაკუირებულთა საერთო რაოდენობა ახლა 153 ათასს შეადგენს, 57000 შენობა კვლავ რისკის ქვეშ იმყოფება.
166 ათასიმცხოვრები გაფრთხილებულია, რომ შესაძლოა მათი ევაკუაცია გახდეს საჭირო, - თქვა მან და ხალხს მოუწოდა მზად იყვნენ, თუ მათ უბრძანებენ ტერიტორიის მოკლე დროში დატოვებას.
მეხანძრეების უფროსმა ენტონი მარონემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „იტონის" ხანძარი 14 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს და მხოლოდ 15% არის ლოკალიზებული. ხანძრის შედეგად 7000-ზე მეტი შენობაა დაზიანებული ან განადგურებული.
CBSNEWS-ის ცნობით, კალიფორნიაში ხანძარს 4700 მეხანძრე-მაშველთან კალიფორნიის სასჯელაღსრულებისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის სახანძრო ბრიგადის 939 პატიმარი ებრძვის. ისინი სამაშველო სამუშაოებში ნებაყოფლობით მონაწილეობენ და მათი გასამრჯელო დღეში 5,80-დან 10,24 დოლარამდეა.
რამდენიმე საათის წინ ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ევაკუაციის შესახებ ახალი ბრძანება გამოსცეს.
აღსანიშნავია, რომ შტატის სახანძრო დაცვის სამსახურთან ერთად ხანძრისგან მოსახლეობის ქონების გადარჩენაში აქტიურად მონაწილეობენ კერძო სახანძრო კომპანიები, თუმცა მათ აბსოლუტური უმეტესობას ხელშეკრულებები სადაზღვევო კომპანიებთან აქვთ გაფორმებული და მათი მითითებით იცავენ ხანძრისგან იმ სახლებს, რომელთა განადგურებაც სადაზღვევოს დიდ დანაკარგებს უქადის.
ლოს-ანჯელესის ზოგიერთი მცხოვრები ათასობით დოლარს იხდის სახლის ცეცხლგამძლე გელით დასაფარად, კერძო მეხანძრეებთან დამოუკიდებლად დაკავშირებას კი ვერ ახერხებს.
გუშინ, ლოს-ანჯელესის რიელტორული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კიტ ვასერმანმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.
„ვინმეს აქვს წვდომა კერძო მეხანძრეებთან, რათა დაიცვან ჩვენი სახლი პასიფიკ პალეისეიდსში? აქ სწრაფად მოქმედებაა საჭირო. მეზობლად ყველა სახლი იწვის. ნებისმიერ თანხას გადავხდი“, - წერდა კიტ ვასერმანი ტვიტში, რომელმაც მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია და რომელიც მან მალევე წაშალა.
„წარმოუდგენელი თავხედობა.... მისი ოჯახი ევაკუირებულია და ის ცდილობს დაიქირაოს კერძო მეხანძრეები, საფრთხეში ჩააგდოს მათი სიცოცხლე და გადაარჩინოს სახლი, რომელიც, დიდი ალბათობით, დაზღვეულია", - დაწერა X-ზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა, რომელმაც ვასერმანის ტვიტის წაშლამდე ნახა დასქრინის სახით ატვირთა.
ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 11 ადამიანი.
0
0