
მავრიკიმ კოლონიური ეპოქის კანონი გააუქმა, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ურთიერთობას კრძალავდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მავრიკის სისხლის სამართლის კოდექსის 250-ე მუხლი, რომელიც 1898 წლით თარიღდება, არაკონსტიტუციური იყო. კანონის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის მქონე პირებთან ურთიერთობა, სასჯელის სახით, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმებული კანონი „მავრიკის ძირძველ ღირებულებებს კი არ ასახავდა, არამედ ის ბრიტანეთიდან მემკვიდრეობით იყო მიღებული, როგორც ჩვენი კოლონიური ისტორიის ნაწილი“.
ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო კანონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის ოქტომბრიდან იღებს სათავეს, როდესაც მავრიკულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა Young Queer Alliance-მა, აღნიშნული კანონის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რადგან ორგანიზაციის თქმით, „ლგბტქი+ პირების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება ირღვეოდა“. გაერომ და ადამიანის უფლებათა დაცვის რამდენიმე ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
„გაერო მიესალმება მავრიკის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს აფრიკული ქვეყნების მზარდ სიას, რომლებიც იცავს ყველა ადამიანის, მათ შორის ლგბტქი+ პირების, უფლებას“, - ნათქვამია UNAids-ის განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებით, მავრიკი უერთდება აფრიკული ქვეყნების მზარდ სიას, სადაც [მათ შორისაა ანგოლა, ბოტსვანა, სეიშელი და მოზამბიკი] ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ურთიერთობები კანონით დაშვებულია.
0
0