15/03/2023
15:13
პოლიტიკა
ამ დღეების განმავლობაში, აქციაზე იდგნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ რაღაცების, მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც მთავარია, თუ მათ დაალაგეს საუკუნის აფიორა, რომელშიც ჩართული იყვნენ მათი დატრენინგებული ჯგუფები, მაგრამ გაცილებით მეტი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აპროტესტებდა იმას, რომ შეიძლება, რაღაც რისკი შექმნოდა ქვეყნის კურსს.
ამ ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იმ აფიორაში ჩაყვება „ნაცმოძრაობას“, ვისი ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის. მათი თვალთმაქცური პიარკამპანიები და საუკუნის აფიორები, საბოლოო ჯამში, დარჩება წარსულს. ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
0
0