22/11/2024
13:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობას საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფუძვლები.
ადვოკატები აღნიშნულ პოზიციას არ დაეთახმნენ. დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განმარტებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 წლის მათე დევიძის დაკავების ღონისძიება არ მიმდინარეობდა, როცა ის პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია. ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია.
"პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი - ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ 3 პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. საქმეზე გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, ეს ჩანაწერები ტელევიზიიდანაა გამოთხოვილი, ამასთან, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, როცა ის ჯოხის გამოყენებით ესხმის პოლიციის თანამშრომლებს თავს და დაზიანებას აყენებს. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე ვითარდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მათე დევიძე, რომელიც მათგან მოშორებით იმყოფებოდა, მოულოდნელად, ჯოხის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, ეს ჩანაწერებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს. საქმეში მოწმეთა ჩვენებებია და ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.
მათე დევიძეს სამართალდამცავები არ აკავებდნენ, როცა ის მივიდა და მათ თავს დაესხა, მათგან მოშორებით იყო, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მათე დევიძესთან შემხებლობაში, როცა მათ თავს დაესხა, მის მიმართ არანაირი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდებოდა“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
0
0