21/11/2024
17:18
სამართალი
21 წლის მათე დევიძე, რომელსაც მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, დიღმის მთავარ სამმართველოში მისმა ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ მოინახულა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კვინიკაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა.
ადვოკატის თქმითვე, დევიძეს ვინმესთვის ჯოხის ჩარტყმის ან მისი დაზიანების მიზანი არ ჰქონია.
„მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.
ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო", - აცხადებს კვინიკაძე.
მისივე თქმით, დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალს ხვალ, 09:30 საათზე წაუყენებენ. დიდი ალბათობით, ხვალვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათე დევიძემ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ის პოლიციელებს თავს დაესხა და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
0
0