
23 სექტემბერს ტულუზში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.
პორტუგალიის ნაკრები საქართველოსთვის უცხო მეტოქე არ არის. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ, 18 თამაში ქართველების მოგებით დასრულდა, ოთხჯერ პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს, სამი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა.
პორტუგალია მსოფლიო თასზე მეორედ თამაშობს. პირველად მათ ამის გაკეთება 2007 წელს მოახერხეს და მაშინ ჯგუფში ოთხივე თამაში წააგეს.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე მიმდინარე მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ატარებს. პირველ შეხვედრაში, 16 სექტემბერს ისინი უელსთან 8:28 დამარცხდნენ.
დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. პორტუგალიელები არ მალავენ, რომ მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოგება მათი მთავარი ამოცანაა.
თავის მხრივ, ლევან მაისაშვილის გუნდს საფრანგეთში მინიმუმ ორი თამაშის მოგება აქვს მიზნად დასახული.
0
0